ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოსამართლე ნინო ენუქიძემ 500 ლარი დააჯარიმა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2024/12/vaja-780x470.png)
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ 500 ლარი დააჯარიმა.
დღევანდელ სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა, ვინაიდან მისი განმარტებით, ის სანქცირებულია. როგორც მან აღნიშნა, მოსამართლე ენუქიძეს „ქართული ოცნების” სასარგებლო გადაწყვეტილებების 100%-იანი სტატისტიკა აქვს.
მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.
ამასთან, ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილ კადრებში ის 27 დეკემბერს, 20:37 საათზე ჩანს. თუმცა, სამართალდარღვევის ოქმში 20:17 საათია მითითებული. გაფრინდაშვილის თქმით, ის ამ დროს გოთუას ქუჩაზე, „მაკდონალდსში“ იმყოფებოდა და აღნიშნულის დასადასტურებლად საბანკო ამონაწერი წარადგინა, სადაც გადახდის თარიღი ფიქსირდება.
ამასთან, გაფრინდაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ადმინისტრაციული სახდელის გადახდას არ აპირებს.
როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებს, რადგან “საქმე პრინციპს ეხება”.
“ეს იყო 27 დეკემბერს, საღამოს 8 საათსა და 17 წუთზე მედავებიან, როდესაც რეალურად სამწუხაროდ იმ დროს არ ვიყავი. სანაპიროზე მაკდონალდსში [ვიყავი]… კადრში ვარ, მაგრამ ის კადრი რომელი რიცხვისაა, ვერ გეტყვით”, – ამბობს ექიმი.
ვაჟა გაფრინდაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.
კერძოდ კი იმას, რომ ის 27 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
75-ე დღეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.
გზის გადაკეტვისთვის კი ჯარიმები 2024 წლის 30 დეკემბრიდან გაიზარდა. ამ ქმედებაში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციული სახდელი 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი გახდა, ხოლო ორგანიზებისთვის – 5 000-ის ნაცვლად 15 000 ლარი.