მნიშვნელოვანისიახლეები

ექიმი ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებს მოუწოდებს, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაარწმუნონ, შეწყვიტოს შიმშილობა

მზია ამაღლობელი 37-ე დღეა შიმშილობს.

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებს მოუწოდებს, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაარწმუნონ, შეწყვიტოს შიმშილობა.

ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ თუ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი შიმშილობას არ შეწყვეტს, შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ პროგნოზს აკეთებს უახლეს გამოკვლევებზე დაყრდნობით.

„მისი ზოგადი მდგომარეობა შეესაბამება მის ხანგრძლივ შიმშილობას. მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, პაციენტი მზია სრულად დაექვემდებაროს ექიმების რეკომენდაციებს. რეკომენდაციაა, დაიწყოს საკვების მიღება – ეს ერთადერთი გზაა, რომ თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი.

ამის თქმის საშუალებას გვაძლევს მისი მდგომარეობა და ჩატარებული ლაბორატორიული კვლევები, რაც უტარდება და რაც ჩატარდა დღეს“, – ამბობს ზურა ჩხაიძე.

გარდა ამისა მისი თქმით ყოველდღიურად არის მოსალოდნელი სხვადასხვა გართულება – ორგანოების ფუნქციის მოშლა”.

მანვე აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელი ინფორმირებულია მოსალოდნელი რისკების შესახებ, თუმცა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ იღებს.

მზია ამაღლობელი 37-ე დღეა შიმშილობს. შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

ჟურნალისტს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, სინდისის პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში – უკვე 12 იანვარს – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა იწყება. განიხილება “სამართალდარღვევა”, რომლის შესაბამისადაც, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს სტიკერის გაკვრას ედავებიან. სხდომას არ დაესწრებიან ამაღლობელის ინტერესების დამცველები, რადგან, მათი თქმით, ამ სხდომის შესახებ წინასწარ მათთვის არავის შეუტყობინებია.

პარალელურად, ამაღლობელის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ უარი თქვა ჟურნალისტის უკანონო პატიმრობის გაუქმების განხილვაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button