მნიშვნელოვანისიახლეები

ექიმი ზვიად ყიფიანი არ ადასტურებს ინფორმაციას რომლის მიხედვით ის ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ზვიად ყიფიანი ზურაბ აზარაშვილის შემცვლელად განიხილება.

ექიმი ზვიად ყიფიანი არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება.

აღნიშნულის შესახებ ყიფიანი „ფეისბუქზე“ წერს.

„მინდა გითხრათ, რომ საინფორმაციო საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ და არ ყოფილა ჩემთან განხილვა და შეთანხმება. დიდი მადლობა საუკეთესო სურვილებისთვის”, – წერს ზვიად ყიფიანი.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ექიმი-კარდიოლოგის, ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, აღნიშნული საკითხი პრემიერთანაც გადაამოწმა.

„ისე კატეგორიულად დადეთ განცხადება, რომ ეჭვი შემეპარა და პრემიერ-მინისტრსაც მივწერე. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ კანდიდატს. ამასთან დაკავშირებით თქვენი [„მთავარი არხის“] გახმოვანებული ინფორმაცია არის აბსოლუტურად ტყუილი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კობახიძე საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს დაასახელებს

ჯანდაცვის ახალი მინისტრობის კანდიდატურაზე უნდა დაველოდოთ პრემიერ-მინისტრს, ის გადაწყვეტს საკადრო საკითხებს, მე არ ვერევი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის პასუხისმგებელია პარტიის მუშაობაზე და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებში არ ერევა.

„მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო და აღარ გავაკეთებ ამაზე კომენტარს, მთავრობის საკითხებში მე აღარ ვერევი. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. საპატიო თავმჯდომარე არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ჩვენი პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მე ვარ პასუხისმგებელი პარტიის მუშაობაზე, ჩემი მთავარი მისია არის, მოვიარო რეგიონები და პარტია მოვამზადოთ არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილს ექიმი-კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, „მთავარი არხის“ ცნობით, მას თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ჟორჟოლიანი დაიკავებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button