მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ექიმის განმარტებით მთავარი არხის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მთავარი არხის ოპერატორი ლევან აბლოთია, რომელიც ქარელში, ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, თბილისში გადმოიყვანეს. ის მკურნალობას კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში აგრძელებს.

ექიმ ლელა წარიას თქმით, ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მას მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

“26 წლის მამაკაცი შემოყვანილია კლინიკაში სხეულის მრავლობითი დაზიანებით. პაციენტი შემოყვანისას არის კონტაქტური, ადეკვატური. აღენიშნება ექსკორიაციები, ტკივილი. ჩატარებული მენჯ-ბარძაყის კვლევით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზეა საეჭვო რენტგენოლოგიური სურათი, რის გამოც პაციენტი გაყვანილია დამატებით კვლევებზე”, – ამბობს ლელა წარია.

ინციდენტი 15 სექტემბერს მოხდა. “მთავარი არხის” ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპერატორი “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

“ცხადზე ცხადია და კადრებშიც გამოჩნდება, რომ ეს იყო განზრახ მიყენებული დაზიანება. დაზიანება არის მარტივი სიტყვა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მართლა მეორე სართულიდან გადმოისროლეს ჩემი ოპერატორი ლევან აბლოთია, რომელიც რამდენიმე წამს გონზე არ იყო და როდესაც მოვიდა გონს, მითხრა რომ ზურგს მთლიანად ვერ გრძნობდა, ხელს და ფეხს ვერ ამოძრავებდა,” – განაცხადა “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, ბექა ყორშიამ.

ქართულ ოცნებაში ოპერატორზე ძალადობის ფაქტს უარყოფენ. პარტიის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, ლევან აბლოთია შენობიდან უკუსვლით გადიოდა, რა დროსაც მოაჯირს წამოედო და გადავარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button