ექსპერტიზა: თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი პრეპარატებმა გამოიწვია

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგების შესახებ ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება მიღებულმა პრეპარატებმა გამოიწვია.
„გავეცანი დასკვნას და ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია. მითითებულია დოზები, რომლის გადამოწმება მაინც მოხდება სპეციალისტებთან. ასევე მითითებულია რაოდენობა და ორგანოები, სადაც არის აღმოჩენილი, ესენია: ღვიძლი, თირკმელი, კუჭი. მითითებულია ფატალური შემთხვევები რა დოზებიდან იწყება მაგრამ იქ აღმოჩენილია დიდი დოზები და შესაბამისად, უცხოელებთან ყოველი შემთხვევისთვის გადამოწმდება“, – განაცხადა რამიშვილმა.
ასევე, მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის კიდევ ერთ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, დადასტურდა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილი იყო.
„დნმ–ის დასკვნის შედეგად დასტურდება, რომ გენეტიკურად ცხედარი და მშობლებისგან აღებული ნიმუში იდენტურია და დასტურდება, რომ ის თამარია“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.