მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ექსპრეზიდენტის წინადადება და მინისტრის პასუხი

“სააკაშვილის გადამკიდე, შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშრებით, რომლის მიხედვითაც, იგი მზადაა ჩაერთოს აშშ-ის, ევროპული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებებში და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.

„ოდნავ მაინც, წარმოდგენა თუ აქვს ვინმეს, რასთან არის დაკავშირებული ამ თანხების მოზიდვა, მაშინ სააკაშვილის გადამკიდე, შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, სხვა ჟანრიდანაა. ერთადერთი, ვიცი, რომ რამდენსაც მეტს ჩაერევა, შანსია მეტი დავკარგოთ, ამიტომ გვაცადონ. ჩვენ ჯობია ჩვენ საქმეს მივხედოთ. მათ კი პოპულიზმი გააგრძელონ, ეს მათი საქმეა. ჩვენ კრიზისიდან გამოსვლის გეგმაც გვაქვს, თანხების მოზიდვის გეგმაც და ეკონომიკის შემდგომი სტიმულირების გეგმაც, რომლის ნაწილიც საზოგადოებამ იცის და ნაწილს უახლოეს დღებში გავაცნობთ. შესაბამისად, ესაა ჩვენთვის მთავარი მიზანი “, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „იმედის“ ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღევანდელ ვითარებაში, ძალიან ბევრს ვფიქრობს საქართველოზე, რომელსაც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო „დიდი გაჭირვება და დიდი შიმშილი“ ემუქრება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ერთადერთი, რამაც ახლა შეიძლება გადაარჩინოს საქართველოს ეკონომიკა, არის მასობრივი უცხოური დახმარება. ხოლო ვინაიდან საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ამის უნარი არ აქვს, იგი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთავაზობს.

„გამომიყენეთ უცხოური მხარდაჭერის მისაღებად. მე მზად ვარ მოვიარო ყველა უცხოური დედაქალაქი. ძალიან ბევრს ვიცნობ საერთაშორისო ფინანსურ ორგანზიაციებში, ბოლოსდაბოლოს დონალდ ტრამპი მთელ მსოფლიოში მაქებდა მრავალი წლის განმავლობაში და თავის პირად მეგობრად მაცხადებდა; ბოლოსდაბოლოს ყველას ვიცნობ, ვინც დღევანდელი ევროპის ლიდერები არიან… ჩვენი ყველა იურიდიული კამათი გადავდოთ მომავლისთვის; მოდი დავაწესოთ მორატორიუმი შემოდგომამდე. მომეცით საქართველოს ხელისუფლების დროებითი და ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მხოლოდ ერთ საკითხში: უცხოური დახმარების მოპოვებაში და მე გაძლევთ გარანტიას, რომ თუ 5,5 მილიარდს არ ჩამოვიტან, იმდენ დახმარებას მაინც ჩამოვიტან, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 19 აპრილს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „მთავარ აქცენტებში”.

მსგავსი პოსტები

Back to top button