მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ერდოღანი პუტინს და უკრაინის ლიდერს ტელეფონთ ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ კიევს მოუწევს შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას.

„ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ღიაობა სერიოზული დიალოგისთვის იმ პირობით, რომ კიევის ხელისუფლება შეასრულებს ცნობილ და არაერთხელ გაჟღერებულ მოთხოვნებს და გაითვალისწინებს ახალ ტერიტორიულ რეალობას“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი უკრაინის კონფლიქტში დესტრუქციულ როლს ასრულებს.

„რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დასავლური სახელმწიფოების დესტრუქციულ როლს, კიევში იარაღის გაგზავნითა და ოპერატიული ინფორმაციისა და მითითების მიწოდებით“, – აცხადებენ კრემლში.

გარდა ამისა როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ, მხარეებმა განიხილეს, როგორც თურქეთში ბუნებრივი აირის ჰაბის ჩამოყალიბების შესაძლებლობები, ასევე რუსეთ-უკრაინის ომისა და სირიის კონფლიქტის მოგვარების გზები.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ მოწოდებები მშვიდობისა და მოლაპარაკებების შესახებ უნდა იყოს გამყარებული ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტით და სამართლიანი გადაწყვეტის ხედვით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს, თურქეთის სასაზღვრო ზოლის ტერორისტული ორგანიზაციებისგან გაწმენდის გეგმებზე. მათი თქმით, სირიაში სიტუაციის დასტაბილურებისთვის, მნიშვნელოვანია რეჟიმი იყოს კონსტრუქციული და პოლიტიკური პროცესები გაანალიზოს.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შესთავაზა უკრაინის ლიდერს შუამავლობა რუსეთთან. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

როგორც მედია თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, ერდოღანმა ზელენსკის უთხრა, რომ თურქეთი მზადაა, იკისროს შუამავლობა, რათა ხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის დამყარებას რუსეთსა და უკრაინას შორის.

სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა თურქეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე ჰუმანიტარულ და ენერგეტიკულ საკითხებში, ასევე ე.წ. ხორბლის დერეფნის ამოქმედებაში ოფიციალური ანკარის მიერ შეტანილ წვლილზე.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლისთვის სამუშაოები გრძელდება. თურქეთის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ მას შეუძლია, შეიტანოს წვლილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხო ზონის შექმნის პროცესის დაჩქარებაში.

თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან განიხილა თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხზე, ასევე ტყვეების გაცვლის თემატიკა, „ხორბლის დერეფნის“ განვითარების საკითხი და „მოხარული იყო, მოესმინა, რომ თურქეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ რეალიზაციაში“.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც

მსგავსი პოსტები

Back to top button