ერდოღანი სტამბულის ათათურქის აეროპორტში სიტყვით გამოვიდა [Video]

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარ მხარდემჭერთა წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ ისაუბრა და პირობა დადო, რომ გენშტაბს მოღალატეებისგან გაწმენდს. მისი თქმით, გადატრიალების მცდელობა ერებს შორის ერთობისა და ერთსულოვნების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში პარასკევს ღამით სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. ანკარაში მდებარე თურქეთის პარლამენტის შენობას ჰაერიდან ყუმბარები დაუშინეს. შედეგად, 16 პოლიციელი 6 სამოქალაქო პირი დაიღუპა, არის ბევრი დაჭრილიც.

დასავლეთის საავიაციო პორტალების ინფორმაციით, გადატრიალების მომენტში ერდოღანის თვითმფრინავი მარმარილოს ზღვის თავზე დაფრინავდა და გეზი გერმანიისკენ ჰქონდა აღებული, რათა იქ თურქეთის პრეზიდენტს პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა. როგორც ცნობილი გახდა, ერდოღანი საკურორტო ქალაქ დალამანიდან აფრინდა, სადაც იგი შვებულებას ატარებდა. ამავე დროს თურქეთის პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი მარმარისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სასტუმროში ისვენებდა, რომლის დატოვების შემდეგ ის დაბომბეს.

თურქეთის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, გადატრიალება მოაწყვეს მოძრაობა “ჰიზმეთის” მომხრე “გიულენისტებმა”. მათი სულიერი ლიდერი ისლამისტი საზოგადო მოღვაწე – ფეთულაჰ გიულენია, რომელიც ადრე ერდოღანის ახლო მეგობარი იყო.

Associated Press-ის მონაცემებით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორი თურქეთის გენშტაბის ყოოფილი იურიდიული მრჩეველი, პოლკოვნიკი მუჰარემ კოსეა, რომელიც გადატრიალებამდე სამსახურიდან დაითხოვეს.

სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, გადატრიალების მცდელობის დროს მუჰარემ კოსეს თანამებრძოლები იყვნენ: პოლკოვნიკი მეჰმეთ ოგუზ აკუსი, ვიცე-პოლკოვნიკი დოგან უისალი და მაიორი ერკან აგინი.

მსგავსი პოსტები

Back to top button