კახეთში ორჯერ ვაქცინირებულ პირს კორონავირუსი უსიმპტომოდ გადააქვს

კახეთში, ორჯერ ვაქცინირებული პირის კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებული პირი, სამედიცინო პერსონალს წარმოადგენს და მას კოვიდ-19 ჯერჯერობით, უსიმპტომოდ გადააქვს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის, კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირება აცრიდან ერთ კვირაში, გეგმიური ტესტირების შედეგად დადასტურდა.
” გეგმიური ტესტირებით გამოვლინდა ინფიცირების შემთხვევა, ორჯერ აცრილ სამედიცინო პერსონალში. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პაციენტი თავს კარგად გრძნობს. მანამდე, ერთხელ აცრილებში იყო რამდენიმე ფაქტი და იქაც ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
კორონა ვირუსის საწინააღმდეგო, რომელი ვაქცინით არის აცრილი ინფიცირებული პირი, დაავადებათა კონტროლის ცენტრში არ დაუკონკრეტებიათ.
დღეს კახეთის რეგიონში ასტრაზენეკას წარმოების ვაქცინით აიცრა – 58, სინოფარმით -1, სინოვაკით კი, 134 მოქალაქე.
სულ რეგიონში, კორონა ვირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა წარმოების ვაქცინით, 7099 პირია აცრილი.