ერევანში საპროტესტო მიტინგი დაარბიეს [Video]

სომხეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა.

მოქალაქეები ელექტროენერგიის გაძვირებას აპროტესტებდნენ. აქციის ნებაყოფლობით დაშლის შემთხვევაში, პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი დემონსტრანტების მცირე ჯგუფთან აპირებდა შეხვედრას და მოლაპარაკების გამართვას, მაგრამ მისი წინადადება უარჰყვეს.

დილის 5 საათზე, ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარსაათიანი ვადა მისცა. გამაფრთხილებელი ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ სპეცრაზმისა და შინაგანი ჯარის ნაწილების გამოყენებით, მიტინგის დაშლის ოპერაცია დაიწყო.

აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ასზე მეტი მონაწილე დაპატიმრებულია, არიან დაშავებულებიც.

პოლიციამ განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინა, Epress.am-ის კორესპოდენტზე, რომელიც აქციას აშუქებდა. მას ვიდეოკამერა დაუმტვრიეს. აგრეთვე, სამართალდამცველებმა ფიზიკური ძალა და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს.

საპროტესტო აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „არა ძარცვას“ ორგანიზებით მოეწყო.

ახალგაზრდა აქტივისტების საპროტესტო გამოსვლები, სომხეთის ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიის მიერ, სომხეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოჰყვა. მოთხოვნის თანახმად, 2015 წლის 1 აგვისტოდან სომხეთში 1 კილოვატსაათი ენერგიის ღირებულება 17-22 პროცენტით გაიზრდება.

სომხეთის ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანია, რუსული ენერგოგიგანტის „ რაო“-ს შვილობილია, რომელმაც ტარიფის ზრდის აუცილებლობა, სომხეთის ეროვნული ვალუტის – დრამის დოლართან გაუფასურებით ახსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button