მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელის სამხედროების მიერ სამი მძევლის შეცდომით მოკვლის შემდეგ თელ-ავივში საპროტესტო აქცია გაიმართა

მას შემდეგ, რაც ისრაელმა აღიარა, რომ ღაზაში შეტევის დროს, შეცდომით სამი ისრაელელი ტყვე მოკლა, თელ-ავივში საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეები ქალაქის ცენტრში გამოვიდნენ და მომხდარი ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა, პლაკატებითა და სანთლებით, მსვლელობა მოაწყეს თელ-ავივში მდებარე სამხედრო ბაზისკენ და მთავრობას მოუწოდეს, დაიწყოს მოლაპარაკებები “ჰამასის” მიერ ტყვედ აყვანილი დანარჩენი მძევლების გათავისუფლების შესახებ.

ისრაელის სამხედროების მიერ სამი მძევლის შეცდომით მოკვლის შემდეგ, ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს ოჯახებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ , – ამის შესახებ ინფორმაციას „ჰამასის“ მძევლების ოჯახების წარმომადგენელი, ჰაიმ რუბინშტეინი ავრცელებს.

„მიუხედავად მძიმე კატასტროფისა, ომის კაბინეტიდან მძევლების ოჯახებთან არავის უსაუბრია, არავის აუხსნია, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან შემდეგი კატასტროფა, არავის“, – განაცხადა ჰაიმ რუბინშტეინმა.
გარდა ამისა „ღაზის ჩრდილოეთით ოპერაციის დროს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს მძევლები, რომლებიც შეცდომით საფრთხედ შეფასდნენ, რის გამოც სამხედროებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია სამი ადამიანი. ცხედრების იდენტიფიცირების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ისინი მძევლები იყვნენ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

ისრაელის სამხედროებმა პარასკევს მწუხარება გამოუცხადეს საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მძევლების ოჯახებს და განაცხადეს, რომ ინციდენტს აუცილებლად გამოიძიებენ და პროცესი იქნება „გამჭვირვალე“.

ჰაგარის განცხადებით, ამ „ტრაგიკულ ინციდენტზე” პასუხისმგებლობა ისრაელის თავდაცვის ძალებს ეკისრება.

გუშინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზაში შეცდომით 3 ისრაელელ ტყვეს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს – შემთხვევა ისეთ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სამხედროები ბევრ ტერორისტს, მათ შორის, კამიკაძეებს ხვდებიან. დაღუპულებს შორისაა, იოთამ ჰაიმსი, რომელიც ჰამასმა კფარ აზადან გაიტაცა, ასევე, ნირ ამიდან გატაცებული სამარ ტალალკა.

IDF ვარაუდობს, რომ სამივე მძევალმა ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა, ან თავად ჰამასის წევრებმა საბრძოლო მოქმედებებისას მიატოვეს. მომხდარს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ – მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომხდარს ისრაელის ხალხთან ერთად გლოვობს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში, ოპერაციის დროს, ისრაელის არმიამ, შეცდომით, ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი. შედეგად, დაღუპულია სამი მძევალი – 22, 26 და 28 წლის ბიჭები.

ცნობისთვის ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ, ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 15 000-ზე მეტი ადამიანი. „ჰამასის” მიერ მართულ ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

მსგავსი პოსტები

Back to top button