მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ერგნეთის ტანჯვა

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

ერგნეთის მკვიდრი ლია ჩლაჩიძე:

„ტრანსპორტი არის ჩვენი ტანჯვა… აი, ტანჯვა, რასაც ჰქვია 21-ე საუკუნეში… სასჯელი ჩვენი.“

 

ლია ჩლაჩიძე

„მომაკვდავი სოფელი“ – ასე უწოდებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერგნეთში მცხოვრები ლია ჩლაჩიძე ადგილს, სადაც დაიბადა და სადაც ერთ დროს, ბავშვების ჟრიამული ისმოდა. სოფელში დარჩენილი მოსახლეობა იქ ყოფნას „დენთის კასრთან“ ცხოვრებას ადარებს, – ერთი მხრივ, მცოცავი ოკუპაციის და მეორე მხრივ, ყოფითი პრობლემების გამო.

ერგნეთში, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება და რომელიც დღეს სანიმუშოდ დაცული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს, არც მაღაზიაა და არც აფთიაქი. ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა კი, კიდევ უფრო ამძაფრებს პრობლემის სიმწვავეს, რის გამოც, მოსახლეობა სოფელს მასობრივად ტოვებს.

ლია ჩლაჩიძე:

„ძირითადად, ხარ ტრანსპორტის იმედზე, თუ ვინმეს ჰყავს შენს სამეზობლოში. აი, გახვალ და დგახარ, არ იცი, რა დროს მოვა ტრანსპორტი, ან მოვა-არ მოვა… თუ ვინმე მადლიანი გაივლის და წაგიყვანს ან ტირძნისამდე, ან გორში თუ მიდის, თუ არადა, არანაირი არ არის…“

ერგნეთელებმა 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგეს ყველაფერი, რაც სოფელში საქმიანობისთვის სჭირდებოდათ. აღარც საძოვრები აქვთ და არც ტყე. ამიტომ, მიწათმოქმედებაც უჭირთ და მესაქონლეობაც. ადგილობრივებმა ისიც კი არ იციან, სად გადის ოკუპანტების მიერ გავლებული ეგრეთწოდებული “საზღვარი”. შიშისა და ცუდი პირობების გამო, იქ დარჩენილები თავს ხელისუფლებისგან მიტოვებულად გრძნობენ.

ერგნეთის მკვიდრი:

„არც ტრანსპორტი დადის. სოფელი არის უპატრონოდ მიტოვებული. პატრონი არა ჰყავს სოფელს. ყველგან ყველაფერი კეთდება, აქ არაფერი კეთდება. ამ სოფლებში, ცოტა ხანში, აღარავინ აღარ იცხოვრებს. ერგნეთში არავინ პატრონი არ არის, არაფერზე პატრონი არ არის.“

 გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მოთხოვნით, მერიას ოპოზიციამ არაერთგიზს მიმართა, ხელმოწერები შეაგროვა და შესაბამისი ინიციატივა გორის საკრებულოში დააყენა, თუმცა პრობლემა დღემდე ვერ მოგვარდა. როგორც საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბექა ქორჩილავა ამბობს, უტრანსპორტობის პრობლემა ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მის მოგვარებაზე ზრუნვის ნაცვლად, ხელისუფლების მხრიდან დუმილი და ნულოვანი შედეგია.

საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ბექა ქორჩილავა:

„აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ 2017 წელს დავაყენეთ აქტიურად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. თუმცა კი, პრობლემა პრობლემად რჩება. მათ შორის, მაჟორიტართან ერთადაც გვქონდა აქტიური საუბარი, რომ გამოფხიზლებულიყვნენ, თუმცა მაჟორიტარის პასუხი, როგორც მთელი სახელმწიფო ვერტიკალისა, იყო დუმილი და „ვიცით აღნიშნული პროცესი. ვცდილობთ, მოვაგვაროთ.“

ერგნეთში შიდა გზებიც მოუწესრიგებელია. ადგილობრივების თქმით, წვიმისა და თოვლის დროს, სოფელი ტალახსა და ლაფში ეფლობა. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა ბევრ სოფელშია, თუმცა ყველაზე მწვავედ, ის ერგნეთის მოსახლოებას აწუხებს და მიუხედავად იმისა, რომ საკითხი თვითმართველობასთან დააყენეს, შედეგს ვერც მათ მიაღწიეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ლექსო მერებაშვილი:

„ხელისუფლებას შეუძლია, მაგალითად, ისევე, როგორც ქალაქ გორში არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელსაც შესაბამისი სააგენტო შეუქმნეს, ასევე უზრუნველყონ მოსახლეობა ტრანსპორტირებით. თუნდაც, მაგალითად, შესაბამისი პირობებით ლიცენზიების გაცემა მოხდეს კონკრეტულ კერძო კომპანიებზე. ამ შემთხვევაში, არავითარი თანხა არ დაუჯდება ბიუჯეტს. თუმცა, თუ მაგალითად, მიკროავტობუსების შეძენა მოხდება, ეს უკვე, რა თქმა უნდა, დაკავშირებული იქნება თანხებთან.“

საკითხთან დაკავშირებით, კარგად ინფორმირებულნი არიან გორის გამგეობაში, თუმცა წლებია, პრობლემის მიუხედავად, რეაგირება არ თუ ვერ მოახდინეს. გამგეობის პრესსამსახურმა ნათია მდინარაძემ ინტერვიუს მოცემისგან თავი შეიკავა, მაგრამ გვითხრა, რომ უწყება საკითხზე მუშაობას ოქტომბრიდან დაიწყებს.

ფინანსური თვალსაზრისით, გორის მუნიციპალიტეტისთვის, ერგნეთში უტრანსპორტობის პრობლემის მოგვარება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან ჯერ კიდევ 2023 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის, ქალაქის მერიამ 355 000 ლარი გამოყო. გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განმარტებით კი, აღნიშნული თანხა არც ისე კოლოსალურია, რადგან თავად „მაქსიმალისტია“ და „მაღალი ხარისხისთვის“, ხარჯის გაწევას არ ერიდება.

გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი:

„მაქსიმალისტები ვართ და თუ გვინდა ხარისხიანი, ამისთვის საჭიროა გარკვეული თანხები. ყველაფერი შედარებითია. მგონი, ეს თანხა ჩვენს ბიუჯეტთან შედარებით არც ისეთი კოლოსალურია და თუ გვინდა, რომ კარგი, ლამაზი დღე გვქონდეს და დაგვრჩეს 2023 წლის შეხვედრისთვის, საჭირო იყო ეს თანხა.“

 

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი ჰერეთის პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button