ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე საუბარი იქნება ყველა იმ ინციდენტზე, რომელსაც ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან ჰქონდა ადგილი მხარეები განიხილავენ ოკუპანტების მიერ ადგილობრივების უკანონოდ დაკავების ფაქტებს, ბორდერიზაციისა და ახალგორის გამშვები პუნქტის აღდგენის საკითხს.
ასევე, განიხილავენ, სხვა ჰუმანიტარული შინაარსის საკითხებს და წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დე ფაქტო რეჟიმის უკანონო ქმედებები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები იქნება გაპროტესტებული.
შეხვედრაზე გენადი ბესტაევის საკითხზეც იმსჯელებენ. ის მესამე დღეა, კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. გენადი ბესტაევი ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა უკანონო ტყვეობაში.