მნიშვნელოვანისიახლეები

ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა, თუმცა მთლიანობაში 700 000-მდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე -პრემიერი

წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, აქედან გამომდინარე, წელსაც ათი ათასობით ადამიანი დაძლევს სიღარიბეს

2023 წლის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და სიღარიბე არის შემცირებული 11,8%-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს საქართველოში 435 000 ადამიანი. ესეც ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი მაჩვენებელი – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრაა.
“რაც შეეხება სიღარიბეს, მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, შესაბამისად, 1,1 მლნ-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 2023 წლის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და სიღარიბე არის შემცირებულ 11,8%-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს საქართველოში 435 000 ადამიანი. ესეც ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი მაჩვენებელი. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, როგორც უკვე ვთქვი, სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა, მაგრამ ასევე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ 1,1 მლნ ადამიანიდან სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა 435 000 ადამიანამდე ჩვენი ხელისუფლების პირობებში.
აქ მახსოვს ერთ-ერთი ოპოზიციონერი გამოდიოდა და საუბრობდა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებზე, რომელიც პროგნოზირებდა, თუ არ ვცდები, წელიწადში საშუალოდ სიღარიბის 0,8 პროცენტული პუნქტით შემცირებას, ამ პროგნოზის საპირისპიროდ, საქართველოში 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა მარტო შარშან სიღარიბე.
წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, აქედან გამომდინარე, წელსაც ათი ათასობით ადამიანი დაძლევს სიღარიბეს და მაღალი ალბათობით 2024 წელს უკვე ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდება სიღარიბის კუთხით. მთლიანობაში შეგახსენებთ, რომ 700 000-მდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე 2012 წლიდან დღემდე, რაც არის მნიშვნელოვანი მიღწევა, თუმცა ჩვენი საბოლოო ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ განულება”, – განაცხადა პრემიერმა.
ჩვენი ქვეყნის ორ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად კვლავაც რჩება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა. საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი მომავალშიც ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლა ეკონომიკაზე საუბრით დაიწყო და ყურადღება იმ მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა, რომელიც ახალი მთავრობის საქმიანობის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.
„საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, დღეს წარმოგიდგენთ ყოველწლიურ მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტს წარვუდგინე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ერთგვარი შუალედური ანგარიში, როცა მტკიცდებოდა საქართველოს მთავრობა, ჩემი დღევანდელი მოხსენება არსებითად შეეხება მთავრობის მიერ გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში, 8 თებერვლიდან დღემდე შესრულებულ სამუშაოს.
ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ორ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად კვლავაც რჩება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი მომავალშიც ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული.
ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ჩემს მოხსენებას დავიწყებ ეკონომიკაზე საუბრით. ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველი თვეების განმავლობაშიც აღინიშნა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, დღეს უკვე გამოქვეყნდა მაისის მონაცემები, დაფიქსირდა 9,2%-იანი ეკონომიკური ზრდა. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკურ გუნდს, ეკონომიკის მინისტრს, ჩვენს მინისტრებს ეკონომიკური გუნდიდან. ხუთი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი არის 9,3%, რაც არის ევროპაში ყველაზე მაღალი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

შეგახსენებთ, 2021-2023 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9,7%. რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებელს, ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ამას პროგნოზირებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. სავალუტო ფონდის პირვანდელი პროგნოზი იყო 4,8% და როგორც უკვე მოგახსენეთ, ამჟამინდელი მაჩვენებელი, ხუთი თვის მაჩვენებელი არის 9,3%.

მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, შევინარჩუნოთ ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე. საგარეო ვალის კუთხით ბიუჯეტის დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ინფლაცია, ყველა მიმართულებით ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონით. ინფლაციას რაც შეეხება, იანვარ-აპრილში დაფიქსირდა 0,6 % ინფლაცია, რაც არის ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ევროპაში.

ასევე ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა წლევანდელი ბიუჯეტის 360 მილიონი ლარით გაზრდის შესაძლებლობა და შესაბამისი ცვლილებები იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე, სულ მცირე, 360 მლნ ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი“, – აღნიშნა კობახიძემ.

რეგიონების თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თანდათანობით იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება, ბიუჯეტების მოცულობა, შემოსავლების მოცულობა.

„წარმატებით მიმდინარეობდა სამუშაოები განახლებული რეგიონების პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში. ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და დასრულებულია 730 მილიონ ლარამდე ღირებულების 78 პროექტი. ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება შესაბამისი პროექტები. განახლდა 730-მდე შენობა, 40 ათასზე მეტ ფართობზე მოეწყო 92 სკვერი. მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გასულ წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 350 მილიონ ლარამდე ღირებულების 864 პროექტი დაფინანსდა. წელს ფონდიდან უკვე განაწილებულია 400 მილიონი ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შარშან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 40 600 000 ლარი, დაფინანსდა 3 780 პროექტი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button