ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის მკვეთრ გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სებ-ი ლარის გაუფასურების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დღეს მკვეთრი ვარდნა მოსახლეობაში წარმოქმნილმა აჟიოტაჟურმა მოლოდინებმა განაპირობა.
მათვე ინფორმაციით, ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს, შესაბამისად, ეროვნული ბანკი გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას ელოდება.
„დღეს სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ – დოლარის ინდექსმა ყველაზე მაღალ მნიშვნელობას მიაღწია 2003 წლის მერე.
ამას დღეს დაემატა მოსახლეობაში წარმოქმნილი მოლოდინები, რომელთა გამოც მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე. ჩვენი აზრით, ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს. შესაბამისად, ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას.
ამდენად, ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი არის გადაჭარბებული და მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ვურჩევთ ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდი ალბათობით მათვე დააზარალებს,“- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.