მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკის განცხადებას თბილისში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა

ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა თბილისში. ოპოზიცია ზელენსკის მოთხოვნას იზიარებს და თვლის, რომ დასაფასებელია, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ასეთ რთულ დროს აქცენტს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე აკეთებს.

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი, დავით კირკიტაძე ამბობს, რომ ახლა გამოჩნდება, რამდენად ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება მეგობრების და პარტნიორების თხოვნას.

“ჩვენ დავდექით ფაქტის წინაშე, როცა ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ვნახოთ, რა რეაგირება ექნება საქართველოს ხელისუფლებას. ისინი მართლა დგანან და ითვალისწინებენ ჩვენი უკრაინელი მეგობრების და პარტნიორების თხოვნას, თუ კიდევ ერთხელ ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და უარი უთხრან უკრაინის პრეზიდენტს ამ თხოვნაზე,” – აცხადებს დავით კირკიტაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ზელენსკის განცხადება ერთგვარად სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ჰგავს.

“გასაგებია ერთმნიშვნელოვნად პათოსი ზელენსკის იმასთან დაკავშირებით, რომ დაუძლურებული არ უნდა იყოს სააკაშვილი არც ფიზიკურად, არც ფსიქოლოგიურად, მაგრამ სხვა ქვეყნის მსჯავრდებულზე რომ იქ გადაიყვანეთ და აქ არ გადაიყვანო, ცოტა ორაზროვანია. გარკვეულწილად ჰგავს ჩარევას. გული შესტკივა და კარგ ადამიანობას ავლენს ამით ზელენსკი, თუმცა მეეჭვება, რომ ეს გათვალისწინებული იყოს,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

“ნამდვილად ვიზიარებ ზელენსკის შეშფოთებას, ნამდვილად უნდა მიეცეს მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა,” – ამბობს პაატა მანჯგალაძე.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ზელენსკის თხოვნა თუ რუსეთის დირექტივა.

“საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – თავისუფლებისათვის საერთო მტერთან მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, თუ კრემლიდან, ბოროტების ამ სავანიდან წამოსული დირექტივა. ახლა ეს განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებით. თუმცა, არჩევანი არის არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის. სულ მალე გადამწყვეტი იქნება თითოეული ადამიანის სწორი სამოქალაქო და პრინციპული პოზიცია,” – აცხადებს ნიკა მელია.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეში უკრაინის პრეზიდენტის ჩართულობას მიესალმება.

“მივესალმები ვოლოდიმერ ზელენსკის ჩართულობას ამ საკითხში. მე მესმის რაოდენ მძიმეა მისთვის იმ დროს, როცა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე, რამდენად რთულია მიხეილ სააკაშვილზე კონცენტრაცია, მაგრამ მადლობა მას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ეს თემა რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მათი განცხადებები ყოველთვის არის მარტივად რომ ვთქვათ, არა ადამიანობის მახასიათებელი,” – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის განცხადება უსაფუძვლოა. უმრავლესობა ამბობს, რომ ზელენსკის უკრაინაში “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული მაღალჩინოსნები არასრულ ინფორმაციას აწვდიან, მიხეილ სააკაშვილისთვის კი სათანადო სამედიცინო დახმარება საქართველოშიც უზრუნველყოფილია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, შესაძლოა საკითხში კარგად გარკვეული არ არის.

“მესმის, შეიძლება, რომ კარგად გარკვეული საკითხში არ იყოს და შეიძლება მისი გარემოცვიდან მიწოდებული ინფორმაცია სრული არ იყოს და შესაბამისად, ვერ მოსთხოვო ზელენსკის, რომ ყველაფერში სიღრმისეულად ერკვეოდეს. გახსოვთ, ცალკეული ადამიანები, რომლებიც თავს იწონებდნენ და კეკლუცობდნენ სააკაშვილთან მეგობრობის გამო. ეს მხოლოდ ქართველ მოხელეებს არ ეხება, ეს შეიძლება იყვნენ უკრაინელებიც, რომლებსაც აქვთ მჭიდრო თანამშრომლობა და მჭიდრო კავშირები სააკაშვილთან. თუკი რაიმე იყო არა ღირსეული ამ შემთხვევაში სააკაშვილთან დაკავშირებული ისტორიების, ეს შეგიძლიათ გაიხსენოთ სააკაშვილის შემოსვლა საქართველოში და იქ ჩაწერილი ვიდეოები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ეს გატაცებაა,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის თქმით, ჩანს რომ უკრაინის ხელისუფლება გარკვეულ თავშესაფრად იქცა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის.

“გამიჭირდება იმის თქმა, ზელენსკი როგორ და რა ფორმით იყო ინფორმირებული, მაგრამ ერთი ცხადია, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლება გარკვეულ თავშესაფრად იქცა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის. ის ადამიანები, რომლებიც ვიცით, რომ დღეს უკრაინაში აქტიურად მოღვაწეობენ, უკავიათ მაღალი პოზიციები, მათი იქ არსებობა და ვიცით რომ ლობისტი და მათი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი არის მმართველი გუნდის ფრაქციის თავმჯდომარე, არახამია, შესაბამისად, ეს სრულ სურათს გვიჩვენებს იმისა, რანაირად ვრცელდება ეს ინფორმაცია და პლუს ამას, როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის გავლენის ქვეშ კონკრეტული პირები მოექცნენ,” – აცხადებს გივი მიქანაძე.

“ზელენსკის მიმართვა სააკაშვილის გათავისუფლებაზე არის მიშისტების ბოლო ან ბოლოსწინა “გასროლა,” – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვას მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ზელენსკი საქართველოში რომ აგზავნიდა სააკაშვილს ხელისუფლების დასამხობად, არც ეს შეეფერება უკრაინას.

“ზელენსკის მიმართვა სააკაშვილის გათავისუფლებაზე არის მიშისტების ბოლო ან ბოლოსწინა “გასროლა.”
ბაიდენიღა დარჩათ…რეზერვში
ისე, ზელენსკის განსასჯელი არაა საქართველოს რა შეეფერება და რა არა, სჯობს ეს შეფასება საკუთარ ქვეყანას მიუყენოს.
აქ რომ კონტეინერით გვიგზავნიდა მის ხელქვეითს და მისი ქვეყნის მოქალაქეს აქაური ხელისუფლების დასამხობად, ეს შეეფერება უკრაინას?” – წერს ანჯაფარიძე.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” გიული ალასანიამ მოინახულა. მისი განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button