მნიშვნელოვანისიახლეები

ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო ლიტერატურას

„ლიტერატურაშიც და ნებისმიერ სხვა დარგში არსებობს სასწავლო პროგრამის სავალდებულო და არასავალდებულო ნაწილი,,-წულაძე

2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამებიდან ქართული ენისა და ლიტერატურის კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას.
რაც შეეხება ისტორიას, განცხადებაში არაფერია ნათქვამი:
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება.
მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.
აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი. რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება. ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში.” აცხადებს სამინისტრო.

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებიდან ამოღებულია საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდები

საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განმარტებით, სასწავლო პროგრამიდან არ ამოღებულა და არ შეცვლილა ის ლიტერატურა, რომელზეც მიმდინარეობს საუბარი და ისინი კვლავ რჩება სასწავლო პროგრამაში.

წულაძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკითხები შევა სასწავლო პროგრამის სავალდებულო ნაწილიდან.

„ლიტერატურაშიც და ნებისმიერ სხვა დარგში არსებობს სასწავლო პროგრამის სავალდებულო და არასავალდებულო ნაწილი. 2025 წლის საგამოცდო პროგრამაში მოხვდა მხოლოდ ის ნაწარმოებები, რომლებიც არის სავალდებულო. საკითხი იდგა შემდეგნაირად: რა უნდა შეგვეტანა გამოცდებზე – საკითხები როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო ნაწილიდან თუ მხოლოდ სავალდებულოდან? ვინაიდან წინა წლებში მუდმივად უკმაყოფილებას იწვევდა, რომ არასავალდებულო ნაწილიდანაც ხდებოდა გამოცდებზე გარკვეული საკითხების შეტანა, რომლებიც მოსწავლეებს არ ჰქონდათ ისე დამუშავებული, როგორც სავალდებულო, გადაწყდა, რომ 2025 წელს ყველა საკითხი, რაც საგამოცდოდ გავა, იქნება მხოლოდ სავალდებულო ნაწილიდან. გვსურს, ინიციატივით მივმართოთ, რომ ის ლიტერატურა და ნაწარმოებები, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტული ღირებულებებისა და ფასეულობების გაღვივებას, გადავიდეს სავალდებულო სასწავლო ნაწილში“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

კერძოდ, შემცირებულია ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში შესული მასალის მოცულობა და რიგ შემთხვევაში, აბიტურიენტებს გარკვეული მწერლების შემოქმედების ჩაბარების ვალდებულებაც აღარ აქვთ.

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია: სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედების ნაწილი. აბიტურიენტებს მხოლოდ „სიბრძნე სიცრუისა“ და „ლეონის თავგადასავლის“ სწავლა მოუწევთ. იგავ-არაკები კი საერთოდ ამოღებულია;

საგამოცდო პროგრამების ნუსხაში დავით გურამიშვილის შემოქმედების გასულ წელს არსებული ვრცელი სიიდან მხოლოდ ორი ნაწარმოებია დარჩენილი;

ამოღებულია ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „გოგჩა“;

შემცირებულია გრიგოლ ორბელიანის შემოქმედების ჩამონათვალიც და მხოლოდ „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ არის დარჩენილი;

შემცირებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ნაწილი. ილია ჭავჭავაძის ლექსებიდან „ბედნიერი ერი“; პასუხის პასუხი“; „ჩემო კალამო“; პოემა „განდეგილი“, „აჩრდილი“ და მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“ საგამოცდო პროგრამიდან სრულად ამოღებულია;

საერთოდ ამოღებულია ალექსანდრე ყაზბეგის, პაოლო იაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება, ხოლო ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ნაწილი, მათ შორის: „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმიც“ ამოღებულია;

უცვლელადაა დატოვებული დავით კლდიაშვილის, გურამ დოჩანაშვილის, ჯემალ ქარჩხაძის, გურამ რჩეულიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, ტიციან ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიასა და მიხეილ ჯავახიშვილის ის ნაწარმოებები, რომლებიც 2024 წლის საგამოცდო პროგრამაში იყო;

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან მხოლოდ „მშობლიური ეფემერაა“ ამოღებული;

გიორგი ლეონიძის ნაწარმოებებიდან ამოღებულია „ნინოწმინდის ღამე“;

რაც შეეხება ანა კალანდაძის შემოქმედებას, აქამდე არსებული ლექსი „მკვდართა მზე ვარ“ ჩანაცვლებულია ლექსით „ვაჟო, დილის მზის სხივო…“
მანამდე აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა განათლების სამინისტრომ. განცხადების თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა სავალდებულო ლიტერატურას. ამასთან, უწყება აცხადებს, რომ მიმდინარეობს თავად სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვისა და განახლების პროცესი და სამინისტროს სურვილია, ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფს შესთავაზონ ყველა ის ნაწარმოები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას. მათ შორისაა ის ნაწარმოებები, რომლებიც, როგორც ცნობილი გახდა, 2025 წლის ეროვნული გამოცდებიდან ამოღებულია.

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბრძანება პროგრამების ცვლილებების შესახებ 11 ნოემბერს გამოსცა, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგამოცდო პროგრამების ჩამონათვალი და მასში შესული მასალის სია დღეს გამოაქვეყნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button