მნიშვნელოვანირეგიონი

“ერთ-ერთ ხანდაზმულს მიმდინარე წელს საერთოდ არ უბანავია

“ერთ-ერთ ხანდაზმულს მიმდინარე წელს საერთოდ არ უბანავია. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კი განაცხადა, ხანდაზმულს რომ ღირსება შეელახოს, უნდა ჰქონდესო”- სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი სიღნაღის ხანდაზმულთა სავანეზე.
2022 წლის 17 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა სიღნაღის რაიონში მდებარე წნორის „ხანდაზმულთა სავანე ბეთელის“ მონიტორინგი ჩაატარა.

მონიტორინგის მასალების თანახმად, ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.
“ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარულ პირობებში იმყოფებიან. მთელ შენობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნი დგას. ყურადღება არ ექცევა ბენეფიციარების ჰიგიენას. უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია. დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს და პირადი ჰიგიენის დაცვაში მხარდაჭერას. ბენეფიციართან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათ არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ხანდაზმულის განცხადებით, მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია”-ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ანგარიშის თანახმად, ხანდაზმულთა სახლს მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი აქვს და სველ წერტილებში კი, საშინელი ანტისანიტარიაა. ასევე გაურკვეველი დარჩა, რით იკვებებიან მოხუცები.

,,დაწესებულება უგულებელყოფს ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვას. კერძოდ, არ ჰყავს ექიმის კადრი, არსებული მცირე სამედიცინო დოკუმენტაცია არასრულია. დაწესებულებას არ ჰყავს კაცი მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფდა კაცი ბენეფიციარების მოვლას ისე, რომ არ შელახულიყო ხანდაზმულთა ღირსება. უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის ანაზღაურება ყველაზე დაბალია, სხვა ხანდაზმულთა სახლებთან შედარებით. შემაშფოთებელია, დაწესებულების ადმინისტრაციის სტიგმით განპირობებული სტერეოტიპული დამოკიდებულება ზოგიერთი ხანდაზმულის მიმართ. ვერ მოხდა ხანდაზმულთა საკვების კვებითი ღირებულების შეფასება”– აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხანდაზმულებს ღირსება არ აქვთ.

“დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნაზე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, ხანდაზმულს იმისათვის, რომ ღირსება შეელახოს, უნდა ჰქონდესო. იკვეთება დიფერენცირება, მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის მიხედვით. აღნიშნული აღვივებს ბენეფიციართა შორის დაპირისპირებასაც
ადმინისტრაციის თანდასწრებით, ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და ერიდებოდნენ პრობლემებზე საუბარს. ხოლო, მარტო დარჩენის შემთხვევაში, აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს”- ნათქვამია ანგარიშში.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, წნორის „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“ ხანდაზმულთა არასათანადო, ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ყოფნის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება ზემოაღნიშნულ დარღვევებზე და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანა სხვა დაწესებულებებში.

წნორის ხანდაზმულთა სახლი სათემო ორგანიზაციაა, სადაც განთავსებულია 21 ხანდაზმული, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას აფინანსებს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, 2 პირს მუნიციპალიტეტი. ორი ხანდაზმული კი, თვითდაფინანსებაზეა.
რადიო ჰერეთი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, ხანდაზმულთა სახლის დამფუძნებელთან, გივი მოსულიშვილთან, თუმცა მისი კომენტარის მოპოვება, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა. რედაქცია მზად არის, სურვილის შემთხვევაში, მისი განმარტება გამოაქვეყნოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button