ერთ წელში კახეთში 2 მილიონ ლარზე მეტი პრემია გაიცა -TI
კახეთის 8 მუნიციპალიტეტში 2014 წელს საჯარო მოხელეთა პრემიებზე და სახელფასო დანამატებზე ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი გაიცა – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოდან” აცნობეს, სადაც სპეცალური კვლევა ჩაატარეს.
ამ კვლევის მიხედვით, პრემიებისა და დანამატების გაცემის კუთხით კახეთის რეგიონში პირველ ადგილზეა გურჯანის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რომელმაც 2014 წელს საკუთრი თანამშრომლების წასახალისებლად 542 890 ლარი გამოყო, ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ კი 97 860 ლარი.
2014 წელს ყველაზე ნაკლები პრემია ახმეტის თვითმმართველობაში გაიცა 119 680 ლარის ოდენობით.
კვლევის თანახმადვე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2014 წელს 324 320 ლარის პრემია გასცა, ხოლო საკრებულომ 82 270 ლარი.
რაც შეეხება თელავის გამგეობას, უწყებამ არასამთავრობო ორგანიზაციას დანამატებისა და პრემიების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მიაწოდა.
ორგანიზაციამ კვლევა 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ჩაატარა.
ამავე კვლევიდან ირკვევა, რომ 3 წლის განმავლობაში მხოლოდ კახეთის თვითმმართველობებმა 6 მილიონ ლარზე მეტი პრემია და სახელაფო დანამატი გასცეს. საქართველოს მასშტაბით გაცემული პრემიების რაოდენობამ კი 100 მილიონ ლარს გადააჭარბა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” -ს განცხადებით, “პრემიების გაცემის ძველი მანკიერი პრაქტიკა, რომელიც თვითმმართველობებში არსებობდა, კვლავაც გრძელდება”.