მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ”

“შევხვდებით არჩევნებზე”, – ამ სლოგანით დასრულდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია. აქცია, სახელწოდებით “ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ”, თითქმის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს რუსულ ოკუპაციაზე, გაიხსენეს გასული წლის 20 ივნისი და აქციის დაშლის დროს განვითარებული მოვლენები.

სამოქალაქო მოძრაობის წევრებთან ერთად, საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და რამდენიმე პოლიტიკოსმა.

დასასრულს, აქტივისტებმა სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით ასწიეს პლაკატები, – “შევხვდებით არჩევნებზე”. გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

აქციაზე მოქალაქეები სოციალური დისტანციის დაცვით იდგნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

“ერთი წლის უკან ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა და როგორც ახლა ვქმნი რაიმე საფრთხეს თქვენთვის, სამართალდამცველებისთვის ან იმ შენობისთვის, მაშინაც ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი.” – ამის შესახებ 20 ივნისის ღამეს დაზარალებულმა მაკო გომურმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მისამართით ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია და ამ კითხვების რაოდენობა მატულობს.

„ძალიან რთულია ამ წუთას აქ დგომა და მეგონა, რომ ძალიან ენერგიულად მოვედი დღეს, რომ ბოლომდე ძალიან კარგად შევძლებდი, თუმცა ახლა ვხვდები, ძალიან რთული ყოფილა ისევ, 1 წლის შემდეგ აქ დგომა. პირველ რიგში, თქვენ მადლობა იმისთვის, რომ ეს საშინელი 1 წელი თქვენთან ერთად გამოვიარე იმიტომ, რომ ყოველთვის გაინტერესებდათ და ყოველთვის დარდობდით, როგორ ვიქნებოდი მე, რა წინსვლა იქნებოდა. ზუსტად 1 წელი გავიდა 20 ივნისიდან. ერთი წლის უკან ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა და როგორც ახლა ვქმნი რაიმე საფრთხეს თქვენთვის, სამართალდამცველებისთვის ან იმ შენობისთვის, მაშინაც ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი, თუმცა როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი ერთ-ერთი სამართალდამცველისთვის და მესროლა. მესროლა და გაჩნდა შეკითხვა: რატომ?

“ეს ის შეკითხვაა, რომელზეც 1 წლის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღე. არადა, რეალობა ხომ მარტივია, უნდა მივიღო საკუთარი წილი სამართალი, თუმცა სხვა რეალობაც გვაქვს, რომელიც არის ჩემ წინ პარლამენტის შენობაში, რომლებიც ყოველ წამს ცდილობენ, რომ თავიანთი „ტრიუკებით”, თვიანთი რეპლიკებით ჩვენი სახელი გააფუჭონ საზოგადოებაში.

“იმის თქმასაც ბედავენ, რომ აღარ ახსოვთ, რა მოხდა 20 ივნისს და ჩვენი თვალები არის მეორეხარისხოვანი და პირველხარისხოვანი იყო ის, რომ მათ შტურმი აარიდეს პარლამენტს.

კითხვა მიჩნდება: ჩემი თვალის ამოთხრით, გიორგის თვალის ამოთხრით, დათოს თვალის ამოთხრით და უამრავი თვალებით, რომელი შტურმი აარიდეს პარლამენტს? რას უშლიდათ იქ ჩვენი დგომა, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი? უამრავი კითხვაა, რაზეც პასუხები არ მაქვს და ეს კითხვები უფრო და უფრო მატულობს, თუმცა იმედი მაქვს, რომ თქვენთან ერთად ბრძოლით და თქვენი ანთებული გულებით, ზუსტად შევძლებ ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანას და ამ ბრძოლაში მე ვიქნები გამარჯვებული… ძალიან მიყვარხართ ყველა და ერთი გვახსოვდეს ყველას, – არასდროს არ შევეგუებით საქართველოში იმ ქვეყნის ბატონობას, რომელიც დღემდე გვართმევს ტერიტორიებს და დღესაც გვპარავს ადამიანებს.” – განაცხადა გომურმა.

მოისმინეთ მაკო გომურის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button