ერთადერთი გუნდია “ქართული ოცნება”, რომელიც მშვიდობის გარანტიაა და ამას ხალხიც აცნობიერებს-ოლიმპიური ჩემპიონები

ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან ერთად, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიების მსვლელობას შეუერთდა. თბილისის ცენტრში, მმართველი პარტიის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან.
“26-ში ყველა ერთად დავამტკიცებთ, რომ “ქართული ოცნება” არის ძალა, რომელიც იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას,” – ეს განცხადება “ქართული ოცნების” პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატმა, ლაშა ტალახაძემ გააკეთა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს.
“ჩვენ, ერთობით შევინარჩუნებთ საქართველოში მშვიდობას და ჩვენი ამომრჩევლის იმედებს აუცილებლად გავამართლებთ. ვივლით წინ, ევროპისკენ. ხედავთ, რამდენი გულშემატკივარი, რამდენი მხარდამჭერია მობრძანებული და 26-შიც ასე ერთობით, აუცილებლად გავიმარჯვებთ,” – აცხადებს ლაშა ტალახაძე.
“მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს”, – ამის შესახებ სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა მედიასთან, “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს საქართველო იქნება ერთიანი – “ქართული ოცნება” და ქართველი ხალხი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და შესაბამისად, გაიმარჯვებს მშვიდობა ომზე.
“ყველა აქ მყოფი აცნობიერებს იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. ერთადერთი გუნდია “ქართული ოცნება”, რომელიც მშვიდობის გარანტია და ამას ხალხიც აცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, 26-ში საქართველო იქნება ერთიანი. “ქართული ოცნება” და ქართველი ხალხი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და შესაბამისად, გაიმარჯვებს მშვიდობა ომზე. ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით ევროპაშიც აუცილებლად შევალთ”, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
ჩემი აქ დგომის მიზეზი არის ის, რომ მე ვიყო ჩემი ქართველი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ დასკვნით ღონისძიებას ესწრება.
როგორც ბექაურმა აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ძალიან ბევრი რამ წყდება და ქართველმა ხალხმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„ჩემი აქ დგომის მიზეზი არის ის, რომ მე ვიყო ჩემი ქართველი ხალხის გვერდით. მე რასაც ვაკეთებ ცხოვრებაში, ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, სადაც მე უნდა ვიყო, ეს არის ის გზა, რასაც მე მივყვები ჩემს ცხოვრებაში ჩემი ხალხისთვის, ჩემი პატრიოტიზმისთვის, ჩემი სარწმუნოებისთვის და მე აქ ვარ ჩემი ხალხის გვერდით.
ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი, რადგან კიდევ ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ბევრი რამ წყდება და ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, უნდა მოვიდეს და სწორ პოზიციაზე დადგეს”, – აღნიშნა ბექაურმა.
ადგილზე იმყოფება “ქართული ოცნების” პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი გენო პეტრიაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ ყველამ ერთად უნდა დაუჭიროს მხარი “ქართულ ოცნებას”, რათა ქვეყანას გავუფრთხილდეთ.
“თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანი არის ის, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის, ღირსების, პატიოსნების და ქართველი ერის სიძლიერის მხარეს. არ დავუშვებთ და არცერთ პოლიტიკურ ძალას და გაერთიანებას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყანაში ისევ ცვიოდეს ბომბები და ჩვენი ქვეყანა ისევ თავდაყირა დააყენონ. ჩვენი თითოეულის ვალია, რომ ჩვენს პატარა საქართველოს გავუფრთხილდეთ და ავაშენოთ ძალიან ლამაზი ქვეყანა. ამისათვის ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი “ქართულ ოცნებას” და გავაფერადოთ 41 ნომერი,” – აცხადებს “ქართული ოცნების” პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი გენო პეტრიაშვილი.
“ქართული ოცნების” შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება თბილისში დღეს 19:00 საათზე გაიმართება – მმართველი პარტიის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან ცენტრალურ გამზირზე. შეხვედრის მთავარი ადგილი თავისუფლების მოედანია. იქ “ქართული ოცნების” წევრები და მხარდამჭერები რამდენიმე მსვლელობით მივლენ.
ერთ-ერთი მსვლელობა ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნიდან იწყება. ადგილზე შეკრებილი არიან როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ასევე სხვადასხვა ასაკის მხარდამჭერები, მათ შორის რეგიონებიდან.