მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ერთი დღე ისტორიულ სამიტამდე -“საქართველო EU-ს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია”

ევროპარლამენტმა გაფართოების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

“ამ კვირაში, ევროკავშირის სამიტზე, კიდევ ერთი პოტენციური წევრი, საქართველო, ასევე შეეცდება პროგრესს სასურველ კლუბში საბოლოო შესვლისთვის”, – ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემის Reuters-ის სტატიაშია საუბარი. სტატიაში საუბარია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის 14-15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე.

სტატიაში წერია, რომ “გამოკითხვების თანახმად, საქართველოს 3.7 მილიონიანი მოსახლეობის 90%-მდე მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ლურჯი და ყვითელი ევროპული დროშები კი ყველგან არის გავრცელებული დედაქალაქ თბილისში და ფრიალებს როგორც სამთავრობო და ბიზნეს შენობებიდან, ასევე კერძო სახლებიდან”.

“ჩემი ოცნებაა, საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილად დავინახო. ჩვენც გვიყვარს თავისუფლება. ამისთვის საუკუნეებია ვიბრძვით”, – უთხრა გამოცემას 40 წლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი პოპიაშვილმა.

Reuters წერს, მოსახლეობის “ასეთი ენთუზიაზმი”, ეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის უზრუნველსაყოფად საკმარისი არ იქნება.

“მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ოფიციალურად უჭერს მხარს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას, მაგრამ რეფორმების გამოცდილებამ გააჩინა კითხვები, რამდენად სერიოზულია ეს. რუსეთის მიმართ მთავრობის შემრიგებელმა პოზიციამ ბრიუსელიც გააღიზიანა”, – წერია სტატიაში.

„საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო დაინტერესებულია რუსეთთან ბიზნესის კეთებით, ვიდრე ევროკავშირის გზაზე წინსვლით“, – ციტირებს Reuters ევროკავშირის მაღალჩინოსანს, რომელიც გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობს.

ოფიციალურმა პირმა, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, თქვა, რომ “საქართველომ უკან დაიხია ზოგიერთ საკვანძო რეფორმაში, თუმცა ევროკავშირს არ სურდა ისეთი ქვეყნის გაუცხოება, რომელიც სხვაგვარად შესაძლოა მოსკოვის ზეწოლის ქვეშ დაბრუნებულიყო”.

”ასე რომ, ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯი ბალანსის პოვნაა…” – წერს Reuters.

ამასთან “გაფართოება გადაუდებელი და სასწრაფოა” – რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში და როგორია მოლოდინები

ერთი დღე ისტორიულ სამიტამდე – ბრიუსელში ლიდერების შეკრებამდე ევროკავშირის გაფართოების საკითხზე დებატები ევროპარლამენტში გაიმართა.
“30 წელი კოპენჰაგენის კრიტერიუმიდან – ახალი იმპულსის მიცემა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას” – ამ სახელწოდების რეზოლუციას კენჭს უყრიან. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2023 წლის გაფართოების პაკეტში, კომისიამ რეკომენდაცია გაუწია გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინასა და მოლდოვასთან მაშინ, როცა ის განახორციელებს აუცილებელ ნაბიჯებს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც გაწევრიანების კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მოვა. რეკომენდაციების შესახებ გადაწყვეტილებას კი ევროპული საბჭო 14 და 15 დეკემბერს მიიღებს.

რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში და როგორია მოლოდინები – ევროდეპუტატების განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება არის ორგანიზაციისთვის ძალიან მძლავრი იარაღი. ასევე, მათი თქმით, წინა გაფართოებებმა წინსვლა და მეტი უსაფრთხოება მოუტანა იმ ქვეყნებს, ვინც შევიდა ევროკავშირში და, ამასთან, ორგანიზაცია გააძლიერა.

ევროდეპუტატები ხაზგასმით მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს მიიღონ პოზიტიური გადაწყვეტილება, მოლაპარაკებები გაუხსნან უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს კი მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

“ამ მნიშვნელოვანმა დებატმა მხოლოდ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს ისტორიულ მნიშვნელობას. ევროკომისია აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს ყველა მიმართულებით. მართლაც აღსანიშნავია, რომ სრულფასოვან ომში მყოფმა ქვეყნებმა მაინც მოახერხეს გაწევრიანების მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება. ძლიერი სიგნალი აშკარად უნდა გაეგზავნოს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მაგრამ ასევე ამ ძალიან დაძაბულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ხალხს,” – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩიმ.

“მომავალი წევრი ქვეყნები და ევროკავშირი მზად უნდა იყვნენ გაფართოების შემდეგი ნაბიჯებისთვის. გუშინ გენერალურ საკითხთა საბჭომ გაფართოების შესახებ დასკვნები მიიღო. ლიდერები აძლევენ მითითებებს წევრი ქვეყნებს შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ისინი ასევე შეაფასებენ ევროკავშირის შესაძლებლობებს გაფართოების კონტექსტში და რა რეფორმები იქნება საჭირო ამ მიზნით,” – აღნიშნა ესპანეთის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა ევროკავშირის საკითხებში, პასკალ იგნასიო ნავარო რიოსმა.

“გაფართოება გადაუდებელი და სასწრაფოა. ეს არის პოლიტიკური, სტრატეგიული აუცილებლობა და არა ტექნოკრატიული სავარჯიშო, რომელსაც თაობები დასჭირდება. ჩვენ გვჭირდება გაფართოება რაც შეიძლება სწრაფად,” – განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ნიდერლანდებიდან, სოფია ინ”ტველდმა.

შეინარჩუნებენ თუ არა ევროპელი ლიდერები ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით არჩეულ კურსს?! – ბრიუსელში, შეთანხმების მისაღწევად, მუშაობა გრძელდება. მანამდე კი, პროგნოზებს კიდევ ერთხელ აკეთებენ ქართველი პოლიტიკოსები.

ხელისუფლების ოპონენტები დადებით გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, თუმცა მათ ნაწილს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიცია სერიოზულ საფრთხედ მიაჩნია.

კონსენსუსის იმედი აქვთ მმართველ გუნდში. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 27-ვე ევროპული ქვეყნის მხარდაჭერა აქვს.
468 მომხრე 99 წინააღმდეგი – ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 48 საათით ადრე ევროპის საკანონმდებლო ორგანომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო.

“ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, 14-15 დეკემბერს სხდომაზე გადაწყვიტოს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. გარკვეული რეფორმის ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან და საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი…

ევროკავშირმა უნდა დაადგინოს მკაფიო ვადები, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა დაასრულონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე…” – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ უნგრეთის პრემიერის პოზიციას, რომელიც უკრაინის მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას ეწინააღმდეგება “ბ-ნი ორბანის განცხადებები ხელს უშლის ევროკავშირის გაფართოების პროცესს” – ვკითხულობთ დოკუმენტში.

რეზოლუციის მიღებამდე კი სტრასბურგში დებატები გაიმართა, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში სამიტი, რომელზეც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, 14-15 დეკემბერს გაიმართება და გადაწყდება, გაითვალისწინებს თუ არა ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინა და მოლდოვა გადავიდნენ მოლაპარაკებებს ეტაპზე. ამ დროისათვის გაფართოების პაკეტს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ბლოკავს.

სამიტამდე ერთი დღით ადრე ევროკავშირის ლიდერებს მოწვევის წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელი მათ მოუწოდებს, სამიტზე მივიდნენ კომპრომისის სულისკვეთებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button