ერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და ამუნიციის საწყობი განადგურდა როსტოვის ოლქში მდებარე სამხედრო ბაზაზე
უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსოფლიო ბანკის მეშვეობით 3.9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო
უკრაინაში ომი გრძელდება. ბახმუტთან რამდენიმე მიმართულებით რუსეთის ძალებმა საკუთარი პოზიციების წინ წაწევა შეძლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“გასულ ღამეს რუსეთი უკრაინის 7 ოლქს, 24 საბრძოლო დრონის საშუალებით დაესხა თავს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ თავდასხმა წარმატებით მოიგერია” – წერია გენშტაბის გავრცელებულ განცხადებაში. უწყება ამბობს, რომ ყველა მათგანი ჩამოაგდეს.
ამავდროულად, ფრონტის ხაზზე შეტაკებები არ წყდება. გასულ ღამეს 103 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტი იერიშებს კრამატორსკის, პოკროვსკის და ტორეცკის მიმართულებებით ახორციელებს.
განცხადების თანახმად, დრონები ჩამოაგდეს კიევის, ვინიცას, კიროვოგრადის, ხარკოვის, სუმის, პოლტავასა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში.
სულ მცირე, ერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და ამუნიციის საწყობი განადგურდა როსტოვის ოლქში მდებარე სამხედრო ბაზაზე იერიშისას, განაცხადა 5 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ.
რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე 3 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმების შედეგად რუსების კუთვნილი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა, კიდევ ორი თვითმფრინავი კი, სავარაუდოდ, დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კოსმოსური დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ 3 აგვისტოს როსტოვის ოლქში რუსეთის აგრესორი სახელმწიფოს „მოროზოვსკის“ სამხედრო აეროდრომზე კუთვნილი „სუ-34“ ტიპის მანადგურებელ-ბომბდამშენი განადგურდა და სავარაუდოდ, ნამსხვრევებით, იმავე ტიპის კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი დაზიანდა“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, მთლიანად განადგურდა მოწინააღმდეგის საავიაციო იარაღის საცავი. გარდა ამისა, „მოროზოვსკის“ აეროდრომზე შესამჩნევად დაზიანდა ოთხი ტექნიკური შენობა და ორი ანგარი.
სამმართველო დასძენს, რომ ორი სუ-24 დაზიანდა ამუნიციის საწყობის აფეთქების შედეგად. არსებული ცნობით, თანამგზავრის ფოტოებზე ჩანს დიდ ფართობზე დამწვარი ტერიტორიები.
მოროზოვსკის სამხედრო ბაზა ფრონტის ხაზიდან 265 კილომეტრშია. რუსეთს კომენტარი ამ ცნობაზე არ გაუკეთებია.
უკრაინამ მოროზოვსკის ბაზაზე თავდასხმა 3 აგვისტოს განახორციელა. მანამდე, აპრილის დასაწყისში, დრონებით განხორციელებული იერიშისას რამდენიმე თვითმფრინავი იქნა განადგურებული
ეს ცნობები დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თანახმად, 5 აგვისტოს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო რუსეთის მიერ გაშვებული 24 დრონი კიევის, ვინიცის, კიროვოგრადის, ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავის ოლქებში.
უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინამ მსოფლიო ბანკის მეშვეობით ამერიკისგან 3.9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო, რომლის უკან დაბრუნებაც, დაფარვაც, არ მოუწევს.
“ეს თანხები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა მასწავლებლების, ექიმებისა და მაშველების ხელფასები, სოციალური შეღავათები”, – თქვა შმიგალმა.
მისი განცხადებით, ეს არის შეერთებული შტატების პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის პირველი ტრანში 2024 წელს, მთლიანობაში კი უკრაინა წელს მიიღებს 7,8 მილიარდ აშშ დოლარს პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით.