„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერს
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „შარლ მიშელის შეთანხმების“ დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამის მიზეზი გახდა ქართული ოცნების ქმედებები, უარი ეთქვათ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, რაც, მელიას თქმით, სააქართველოს დასავლურ კურსზე უარის თქმის ტოლფასია.
„მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ჩვენ აქამდე ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფო რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ დავდგეთ საკუთარი მოსაზრებებსა და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას.
ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში!
ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა ხელს ვაწერთ შეთანმხებას, რომ არ ახდეს „ქართული ოცნების” ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არდისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.
31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირის მაკროეკონომიკური ფინანსური დახმარების მიღებაზე, რადგან ქვეყანამ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და ახალი სესხის აღებას აღარ აპირებს.
31 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მაკროფინანსური დახმარებაზე უარის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვეღარ მიიღებს 75 მილიონ ევროს.
ოპოზიციის ნაწილს და ხელისუფლებას შორის შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერას წინ პარლამენტის ბოიკოტი და მოლაპარაკებების რამდენიმეთვიანი პროცესი უძღოდა. ენმ-ს შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, თუმცა, ბოიკოტი დაარღვია და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში შევიდა.
2021 წლის 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა. მიზეზად მმართველმა პარტიამ დაასახელა ის, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ენმ-ს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია.