მნიშვნელოვანისიახლეები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ თანაგუნდელები ტოვებენ

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22-დან 14-მა წევრმა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის კიდევ სამმა წარმომადგენელმა, რომლებიც საკრებულოს აპარატის თანამშრომლები არიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ განცხადება პარტიის წევრებმა დღეს, 5 დეკემბერს, გააკეთეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე. მათი განმარტებით, საკრებულოში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას და ჯერჯერობით არ აპირებენ ფრაქციის დაშლასაც.

პარტიის დატოვების მიზეზად მათ ენმ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან უთანხმოება, კერძოდ, “მართვის არადემოკრატიული პრინციპები” დაასახელეს.

პარტიიდან წასულები არ აკონკრეტებენ, ითანამშრომლებენ თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან, იმ შემთხვევაში, თუ ის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ჩამოაყალიბებს.

როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მაია კალანდიამ განაცხადა, პარტიის დატოვების მიუხედავად, ისინი რჩებიან “ნაციონალური მოძრაობის” საწყისი ღირებულებების ერთგული და გააგრძელებენ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას.

„ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ ციხიდან…ვაპირებთ ვუერთგულოთ დემოკრატიულ პრინციპებს და ამისთვის ვტოვებთ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”… ჩვენ უარს არ ვეუბნებით ჩვენს თანამებრძოლებს, იმ 8 ადამიანს, ვისთანაც ერთადაც მოვედით ამ დარბაზში და ვიბრძვით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ”, – განაცხადა მაია კალანდიამ.

მისი სიტყვებით, ახალი პოლიტიკური პლატფორმა აუცილებლად შეიქნება, რის შესახებაც საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდიან ინფორმაციას.

ზუგდიდის 45-წევრიან საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობაშია. საკრებულოში 22 მანდატი „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ ჰქონდა, 20 – „ქართულ ოცნებას“, 3 კი – „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დეკემბრის დასაწყისში ბათუმის ორგანიზაციის რამდენიმე წევრმაც დატოვა.
დაპირისპირება პარტიაში დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.
ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე “ნაციონალურ მოძრაობაში”, თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა. „საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, – თქვა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თავის წინამორბედზე.
მან განაცხადა, რომ მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ „თავად გადაწყვიტა“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხუთივე წევრმა პარტია დატოვა.

როგორც მათ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, გადაწყვეტილების მიზეზი პარტიაში მიმდინარე პროცესები გახდა.

მათი განცხადებით, არსებულ პირობებში პარტიაში დარჩენა შეუძლებელია, რადგან ახალ თავმჯდომარეს მათთან ათი თვის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია და არც პარტიულ შეკრებებზე იწვევდნენ.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, გოგი ჩიკვილაძემ განაცხადა, ახალმა მენეჯმენტმა ვერ მოახერხა, რომ პარტია გაეერთიანებინა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ჭიათურის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხუთივე წევრმა გადავწყვიტეთ, დავტოვოთ პარტია იმის გამო, რომ შეიქმნა ძალიან მძიმე ვითარება და ვერ მოხერხდა ის, რომ პარტია გაერთიანებულიყო, ეს ვერ მოახერხა ახალმა მენეჯერმა. ჩვენ დავინახეთ, რომ იდეა, რომელსაც ვემსახურებოდით, ეს იდეა ყველაფრისგან არის დაცლილი, ამიტომ ჯობს ამ დროს, თუ სხვა გზა აღარ რჩება, გაეცალო ვითარებას და უბრალოდ იბრძოლო არსებული რეჟიმის წინააღმდეგ სხვა პლატფორმიდან ან სხვა სიტუაციიდან“, – განაცხადა ჩიკვილაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები საკრებულოს დეპუტატების მანდატების დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ბრძოლას ახალი პლატფორმიდან გააგრძელებენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე პარტიიდან წასულ წევრებს მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებს და აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ისინი პარტიას ტოვებენ, მაგრამ თანამდებობებზე რჩებიან, მათ გულწრფელობაში ეჭვი ეპარება.

“თუ უნდათ, რომ ბოლომდე გულწრფელები იყვნენ, მაშინ, მე მათ მოვუწოდებ – თუ პარტია ნაციონალური მოძრაობა დატოვეს – მაშინ, უნდა დატოვონ, ასევე, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობაც, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რომ არიან და 4 ათას ლარიანი ხელფასები რომ აქვთ […]

ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ თურმე წავიდნენ ნაციონალური მოძრაობიდან, მაგრამ თანამდებობებს არ ტოვებენ და არ ტოვებენ, ასევე, მანდატებს და ამ ადამიანების გულწრფელობაში მე მეპარება ეჭვი – თუ პარტიიდან მიდიხარ, თუ ამ ღირებულებებს და ფასეულობებს არ ითვალისწინებ, თუ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან მიდიხარ, მაშინ ის მანდატიც უნდა დატოვო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხმებით მიიღე”, – აცხადებს წითლიძე.

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ანა წითლიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ პარტიაში ხშირად მოსვლია კონფლიქტები და მათ შორის გიგა ბოკერიასთან, როდესაც ბოკერია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო.

როგორც ჩერგოლეიშვილი ამბობს, წითლიძე “ნაციონალურ მოძრაობაში” მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ პარლამენტარობა სურს.

“ის ვერ გაუგია, რომ გიგა არასოდეს “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა არასოდეს და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია. გიგასთან დაპირისპირებაც მახსოვს – სიაში რატომ არ ჩამსვიო, ტანტრუმი გაუმართა – მახსოვს ეგ ესემესები. გაოგნებული იყო გიგა ამის შეუპოვარი და სრულიად უთავმოყვარეობით. ახლაც სიის გამო რჩება იქ – პარლამენტში უნდა,” – წერს ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე, მისი სახელით, მორიგი პოსტი გამოქვეყნდა. ექსპრეზიდენტი ენმ-ში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.

“ალბათ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან.

მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამასწინათ, ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა), ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან და მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები.

ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანისთვის და ჯგუფისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად, ან ახლავე „გამარჯვების კოალიციის“ პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button