“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა ექიმმა შიმშილობა დაიწყო

ზუგდიდელმა ექიმმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა მალხაზ ჯალაღონიამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.
მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვიდეო გაავრცელა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით:
“ქალბატონო სალომე, გულწრფელად გეტყვით, რომ მე თქვენ არ ამირჩევიხართ, მაგრამ თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. თქვენ ხართ ჩემი პრეზიდენტი და მე გთხოვთ, შეიწყალოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ვიცი, თქვენ ორჯერ ბრძანეთ: “არა, და არასდროს”. ძალიან კარგად ვიცი, როგორც ვაჟკაცისგან, ასევე ქალბატონისგან ძალიან ძნელია სიტყვის გადათქმა, მაგრამ მერწმუნეთ, თუ თქვენ შეიწყალებთ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს არცერთი პატრიოტი არ დაიწყებს ქილიკს თქვენ სისუსტეებზე და მე არ მაინტერესებს, რას იტყვიან ქვეყნის ორგულები და მტრები. მე იმედი მაქვს, რომ არც თქვენ დაგაინტერესებთ, რას იტყვიან ისინი. ქალბატონო სალომე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯოხის ერთი აქნევით თქვენ შეგიძლიათ, ეს ქვეყანა გადაარჩინოთ კიდევ ერთ ქაოსს. ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში ნეგატიური დამოკიდებულება არის შიმშილობისადმი, მაგრამ მე სხვანაირი ფორმა ვერ მოვიფიქრე და გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემი შიმშილობით მინდა მივიქციო თქვენი ყურადღება და რაღაცნაირად, მცირე წონა მაინც შევძინო ჩემს თხოვნას”, – აცხადებს მალხაზ ჯალაღონია ვიდეომიმართვაში.
ექიმი მალხაზ ჯალაღონია, რომელიც 2020 წელს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატიობის კანდიდატი იყო ენმ-დან.
იგი ნოემბერშიც შიმშილობდა ზუგდიდის საკრებულოში კიდევ ოთხ პირთან ერთად. მაშინ აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. მათ შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტეს, მას შემდეგ რაც მოთხოვნა შესრულდა.
რადიო თბილისის რეგიონული კორესპოდენტი სამეგრელოში თეა შონიას ხმა