მნიშვნელოვანისიახლეები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ის წევრი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მომდევნო პროცესი კი 13 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.

ეძგვერაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

ის 2 დღის წინ დააკავეს. დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის სახლთან, გლდანში მოხდა. პოლიციის მხრიდან აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრი შეეცადა გაერკვია რატომ იყვნენ მობილიზებული ძალოვნები მის ავტოფარეხთან. შსს -ის ინფორმაციით, პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა.

ეძგვერაძესთან ერთად დააკავეს საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი ირაკლი ნადირაძე, რომელიც იმავე საღამოს გაათავისუფლეს.
ეძგვერაძის ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, პოლიციელების მხრიდან დაკავების დროს განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

დღევანდელ სასამართლომდე ეძგვერაძესთან გამომძიებელი იმყოფებოდა და ის გამოკითხა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყდება, დაიწყება თუ არა გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ.

განახლება: 12 სექტემბერს ჩაინიშნა ირაკლი ნადირაძის სასამართლო პროცესი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის, ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

ტყეშელაძის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები დარღვეულია. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეატყობინეს, რომ ირაკლი ეძგვერაძეზე პოლიციის თანამშრომლებმა იძალადეს.

“მედიამ დაადგინა თუ ვინ იძალადა, საჯაროდაც ცნობილია, ირაკლი ეძგვერაძემ იცის ვინ იძალადა მასზე და კანონით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეკუთვნის, მყისიერად დაწყოს გამოძიება, მაგრამ დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განაცხადა, რომ თურმე გამოძიება ახლაც არ დაწყებულა და ირაკლისთან გასაუბრება სურს. Რა თქმა უნდა, ირაკლი ყველაფერს იტყვის, სიმართლეს და ვნახოთ სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას თუ დაიწყებს, მაგრამ მე კოკა კაციტაძის უწყებას აქედანვე ვეტყვი, რომ გამოძიობანას თამაშს დაანებონ თავი, გამოიძიონ რეალურად და შემდეგ პროკურატურამ წაუყენოს ბრალი”, – ამბობს ლაშა ტყეშელაძე.

დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე 4 სექტემბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა. ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან ეძგვერაძეს არანაირი შეხება ჰქონია.

ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.

მსგავსი პოსტები

Back to top button