“ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრის წესი დისკრიმინაციულია”

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა  “საქართველოს მოქალაქეები – უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს.

სადავო ნორმების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებისთვის თითოეული მუნიციპალიტეტი, თბილისის გარდა, წარმოადგენდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქს, ხოლო თბილისში იქმნებოდა 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. “საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მუნუციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, შეძლებისდაგვარად, თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად.

მოსარჩელეების მოსაზრებით, მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები არ იყო თანაბარი ძალის მქონე. კერძოდ, საარჩევნო ოლქებში არ იყო რეგისტრირებული თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თანაბარი გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე. მაგალითად, საბურთალოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 128 545 ამომრჩეველი ირჩევდა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს, იმ დროს, როდესაც, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა მხოლოდ 5 810 ამომრჩეველი. ამდენად, ყაზბეგის ამომრჩევლის ხმა 22-ჯერ უფრო წონადი იყო, ვიდრე საბურთალოს საარჩევნო ოლქის ამომრჩევლის ხმა, რაც აშკარად მეტყველებდა სისტემის დისკრიმინაციულობაზე.

მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ ამომრჩეველთათვის არათანაბარი შესაძლებლობების მინიჭება, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, – საარჩევნო უფლებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა საყოველთაო საარჩევნო უფლების მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ იგი, თავისთავად, არ მოითხოვს რომელიმე კონკრეტული საარჩევნო სისტემის მოდელის ჩამოყალიბებას, თუმცა აუცილებელია, არსებულმა საარჩევნო სისტემამ უზრუნველყოს ხალხის ნების თავისუფალი და თანასწორი ასახვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფორმირების პროცესში. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მოდელები და თავისებურებები იმ პირობით, რომ ამ პროცესში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები.

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილება გამოიტანა – ამის შესახებ ვახშუტი მენაბდემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც ერთმანდანტიანი მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრის წესი სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.

როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება შეეხება საარჩევნო კონფიგურაციის მთლიან ცვლილებას.მისივე თქმით, ამ ცვლილების შედეგად მაგალითად საბურთალოს ეყოლება, არა ერთი მაჟორიტარი, არამედ ოთხი მაჟორიტარი.”თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ერთი მაჟორიტარული ოლქი აღარ იყოს და იყოს მრავალმანდანტიანი მაჟორიტარული ოლქები”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მისივე თქმით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტმა ახლა უნდა შეცვალოს საარჩევნო კოდექსი და უნდა მოიყვანოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button