ომის დაწყებიდან 526-ე დღეს ერთმორწმუნე რუსეთის სამიზნე ისევ ეკლესია გახდა. საოკუპაციო ძალებმა ამჯერად ხერსონის ოლქში მდებარე წმინდა ეკატერინეს ტაძარზე მიიტანეს იერიში
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხერსონზე საარტილერიო შეტევის შედეგად ტაძარში გაჩენილი ხანძრის ქრობისას საოკუპაციო ძალებმა ტერიტორია ხელმეორედ დაცხრილეს. დაიჭრა საგანგებო სიტუაციების სამსახურის 4 თანამშრომელი ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, 2 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ხერსონი და ოლქის 27 დასახლებული პუნქტი სხვადასხვა ტიპის იარაღით 55-ჯერ დაცხრილეს. დაზიანებულ შენობებს შორისაა სახლები და საბერძნეთის საპატიო საკონსულოს, რამდენიმე ბანკის და საგამოძიებო იზოლატორის შენობები.
მანამდე, 22 ივლისს რუსეთის თავდასხმის შედეგად საბერძნეთის საკონსულა დაზიანდა ოდესაშიც.
ასევე პროკუდინის ინფორმაციით, ბოლო დღის განმავლობაში რუსებმა უკრაინა 55-ჯერ დაბომბეს და 264 ჭურვი გაისროლეს, მათგან 72 ხერსონში ჩამოვარდა.
საოკუპაციო ძალების სამიზნე ისევ გახდა უკრაინის დედაქალაქიც
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ზედიზედ მერვედ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. ინფორმაცია 3 აგვისტოს დილას კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ადმინისტრაცია იუწყება, რომ გასული ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების 15-მდე დრონი აღმოაჩინეს და გაანადგურეს.
წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის მსხვერპლი და ნგრევა არ არის.
ადმინისტრაციის ცნობით, კიევში საჰაერო განგაში 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ის 820-ე საჰაერო განგაში იყო კიევისთვის რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
რუსეთის არმიის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა დონეცკში, სადაც ახლა ფრონტის მთავარი ხაზი გადის. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში თქვეს, რომ ბოლო 24 საათში რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის 44 შეტაკება მოხდა, უკრაინელმა სამხედროებმა ორი მიმართულებით წინ წაიწიეს. ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა.
რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში ბოლო ინფორმაციით, 10 749 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათგან 499 ბავშვია. დიდია საქართველოს დანაკარგიც. რუსეთთან ბრძოლას უკრაინაში 48 ქართველი შეეწირა. დღეს სამშობლოში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს. არჩილ დევრისაშვილი 27 ივლისს, ბახმუტთან ახლოს დაბომბვის შედეგად დაიღუპა. მებრძოლს კოჯორში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.