ერთობლივი წვრთნები შავ ზღვაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და NATO-ს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.
სწავლება NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის 2 ხომალდი – “დიოსკურია” და “ოჩამჩირე” და NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 5 ხომალდი: ITS VIRGINIO FASAN (იტალია), HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი) და BGS VERNI (ბულგარეთი) და TCG SALIHREIS (თურქეთი).
წვრთნების მიზანია NATO-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.
შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, არ ჩატარებულა საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები გაიმართა დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში. ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების ურთიერთქმედებას.