“ეს ადამიანი კრიმინალი არ არის” – მაკა ჩიჩუა ძმის დაკავებაზე საუბრობს

“საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას იმედი აქვს, გამოძიების შედეგად, ყველა მიხვდება, რომ მისი ძმა კრიმინალი არ არის”, – ამის შესახებ ჩიჩუამ ჟურნალისტებს მისი ძმის დაკავებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განუცხადა.

პირველი ლედი ამბობს, რომ სამართლიანობის იმედი აქვს.

„ვიცი, ჩემი ძმა დილიდან საღამომდე ზის და ხატავს – არის მხატვარი და ძალიან უყვარს თავისი საქმე.
თქვენ რომ შეიხედოთ იმ სახელოსნოში, სადაც ხატავს, ნამდვილად მიხვდებით, რომ მისი ყველაზე საყვარელი საქმიანობა, რითიც არის დაკავებული, ძირითადად, ეს არის ხატვა. ასე რომ, თავად ამ პრეცედენტს რაც შეეხება, არის გამოძიების საქმე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს თავისი სახელები დაერქმევა და ყველა მიხვდება, რომ ეს ადამიანი კრიმინალი არ არის. ამის დიდი იმედი მაქვს – მას ჰყავს ადვოკატი და მისი საშუალებით, ალბათ, ყველაფერი წავა ისე, როგორც საჭიროა. მე ვენდობი სამართლიანობას“,
– განაცხადა პირველმა ლედიმ.

მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. შსს-ს ცნობთ, მას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

მგალობლიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button