ეს არის ერთ-ერთი მძიმე მემკვიდრეობა რომელიც დაგვიტოვა ჩვენ წინა ხელისუფლებამ-ოცნება რუსული ბაზის ოჩამჩირეში გადმოტანას ეხმიანება

ეს პროცესი დაიწყო 2009 წელს და არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა – აცხადებს “ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსული ფლოტისთვის ბაზის განთავსებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას. კობახიძის თქმით, ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას უკვე ჰქონდა “სათანადო რეაგირება”
კობახიძის თქმით, ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
“ამაზე ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს სათანადო რეაგირება და ეს არის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი ქმედება რომელიც ხორციელდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაზე სახელმწიფოს უკვე ჰქონდა შესაბამისი რეაგირება” თქვა კობახიძემ.
“სათანადო რეაგირებაში” კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის განცხადებას გულისხმობს.
ამასთან, კითხვაზე, რომ რუსეთს უკვე გადაჰყავს შავი ზღვის ფლოტის გემები ოკუპირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში, კობახიძემ აღნიშნა: „უკრაინის დაზვერვაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. იცით, რაც ხდება უკრაინის დაზვერვის სამსახურში“.
მმართველი გუნდის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის იმედი აქვს.
“ერთადერთი, რაც შეიძლება ოკუპირებულმა ქვეყანამ ქნას, საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობაა. სხვა ძალა, სამწუხაროდ ამ სიტუაციაში ჩვენ არ გვაქვს. 2009 წლიდან 2011-მდე მიდიოდა მშენებლობა რუსების მიერ და საერთოდ განცხადება არ ახსოვს არავის. მაშინ იყო, როცა კულტურულ დღეებზე და რუსულ ინვესტიციებზე საუბრობდნენ განსაკუთრებული აღტყინებით და დაგმობაც კი არ ახსოვს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისგან, რომლებიც დღეს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. რაც კი არსებობს ყველა ფორმატი ამის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ, ასეც არის, ყველა საერთაშორისო ფორმატს ამისთვის ვიყენებთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როცა ოჩამჩირეზე საუბრობენ, ისიც უნდა გაიხსენონ, რომ მისი პირველი რეკონსტრუქცია 2009 წელს მოხდა, ზუსტად იმ პერიოდში, როცა ყველა ასეთ პროცესს ჩქმალავდნენ, თავისთავად, ეს არის ოკუპაციის თანმდევი პროცესი და ოკუპაციის მძიმე შედეგები, რომელიც არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის ერთ-ერთი დამატებითი გამოწვევაც.
„ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ პორტის და ბაზის გარეშეც საქართველოს ტერიტორიაზე, მის ოკუპირებულ ნაწილებში ბაზირებულია რუსეთის რეგულარული არმია. სინამდვილეში, მთავარი გამოწვევაა ქვეყნის ოკუპაცია და ის სამხედრო კონტინგენტი, რაც იქ დგას. ამ საკითხებს სრული სიფხიზლით უნდა მივუდგეთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის დამატებითი გამოწვევა და ამისთვის ის ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რასაც წლებია, ვიყენებთ. ეს არის საერთაშორისო ზეწოლა და სამშვიდობო პოლიტიკა, რათა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩვენმა თანამოქალაქეებმა ბოლომდე გააცნობიერონ, რომ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა, ქართველ ხალხთან ერთად ცხოვრება მათთვისაც ერთადერთი სწორი გზაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ანექსირებულ ყირიმზე სამხედრო კონტროლის დამყარება მხოლოდ დროის საკითხია.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ოკუპანტებს აღარ აქვთ არც ერთი უსაფრთხო ლოჯისტიკური მარშრუტი არც ყირიმზე და არც შავი ზღვისა და აზოვის სანაპიროების ოკუპირებულ ნაწილებზე, რის გამოც პუტინი იძულებული გახდა თავისი შავი ზღვის ფლოტის ნარჩენები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაეტანა. თუმცა დაამატა, რომ ეს ნაბიჯი კრემლისთვის გამოსავალი ვერ იქნება და უკრაინა მათ “ყველგან მისწვდება.”
“რუსეთის საზღვაო ძალებს უკვე აღარ შეუძლიათ ოპერირება შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში და თანდათან გარბის ყირიმიდან. ეს ისტორიული მიღწევაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსები ჯერ კიდევ აკონტროლებენ ტერიტორიას, ყირიმში აშკარად იგრძნობა პრო-რუსული განწყობა, რადგან მოსახლეობა ხვდება, რომ რუსეთი წავა, ხოლო უკრაინელთა მოლოდინი დიდია.
ზელენსკის თქმით, რომ ახლა საერთაშპრისო საზოგადოების ამოცანა ოკუპანტზე ზეწოლის შენარჩუნება და გაზრდაა. შესაბამისად, მან მოუწოდა მსოფლიოს “არ შეჩერდეს შუა გზაზე” და იმუშაოს საინფორმაციო გარემოს რუსული პროპაგანდისგან გასუფთავებაზე.
ნათელია, „ქართული ოცნების“ ჩაწოლისა და არ გაღიზიანების პოლიტიკა ვერ შეეწინააღმდეგება რუსეთის სტრატეგიას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა განაცხადა.
წერეთელი გამოეხმაურა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი ოჩამჩირეში არსებულ ბაზაზე სამხედრო ხომალდების განთავსებას აპირებს.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ნათელია, რომ რუსეთი აპირებს, ოჩამჩირეში არსებული ბაზა გააძლიეროს და ძალიან ფუნქციონალური გახადოს, რათა შემდგომში ყირიმიდან მისი ფლოტი გადმოიყვანოს.
მისი თქმით, ეს ძალიან მძიმე ამბავია, რადგან ეს რუსეთის გავლენას აძლიერებს, ოკუპაციას აღრმავებს და საქართველოს ტერიტორიასთან საომარ ოპერაციებს აახლოებს.
„ჩვენი ხელისუფლება სუპერაქტიური უნდა იყოს და ამ საკითხის წინ წამოწევას ყველგან უნდა ცდილობდეს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ჩაწოლისა და არ გაღიზიანების პოლიტიკა, როცა ასეთი სიტუაციაშიც კი არაფერი არ უნდა თქვა, გარდა მცირე განცხადებებისა, არ არის პოლიტიკა, რომელიც ამგვარ სტრატეგიას შეეწინააღმდეგება.
რამდენი ხანია არ მოგვისმენია მაგალითად, 12 აგვისტოს შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, მოწოდება და ზეწოლა?! – ამ შეთანხმებით, რუსეთმა თავისი ჯარი, უნდა გაიყვანოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქითაა. ისინი ჩვენს ტერიტორიებს უახლოვდებიან, მათ შორის, ოჩამჩირეში არსებული ბაზის განვითარებით“ , – განაცხადა გიგი წერეთელმა.
შეგახსენებთ, 5 ოქტომბერს გამოცემა Известия – ში ასლან ბჟანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც იგი ამბობს რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რეგიონში, რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა იგეგმება. მისივე ცნობით, “შეთანხმებას” მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის შექმნას მინიმუმ სამი წელი დასჭირდება.
ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების განზრახვას გუშინ უკრაინის დაზვერვა, დღეს კი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსულ გემებს ყველგან მიწვდებიან.
რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ოკუპირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.