“ეს არის მოსყიდვა არასამთავრობო ორგანიზაციების” ,,ხელისუფლებამ ღალატი ჩაიდინა,, -ოპოზიცია კობახიძეს აკრიტიკებს
ოცნება არასამთავროების დაფინანსების საკითხს იწონებს
ოპოზიცია მთავრობის ინიციატივას საგრანტო ფომდის შექმნასთან დაკავშირებით მწვავედ აკრიტიკებს და ორგანიზაციების მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს.
საუბარია ინიციატივაზე – ხელისუფლება ქმნის ფონდს, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება და გრანტებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გასცემს. მთავრობა ამოცანებს შორის ასახელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლას, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირებას, ასევე გარემოს თუ ადამიანის უფლებების დაცვას. პროგრამა მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს.
“ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ამბობს, რომ რა შემოთავაზებაც არ უნდა ჰქონდეს “ქართულ ოცნებას”, იგი 26 ოქტომბერს ხელისუფლებიდას მაინც დატოვებს.
“ეს არის მოსყიდვა არასამთავრობო ორგანიზაციების. რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს ქართული საზოგადოების მიმართ, მათ შორის მათთვის ჩვეული მოსყიდვის შეთავაზებები, “ქართული ოცნება” ხელისუფლებას დატოვებს 26 ოქტომბერს და საქართველო განვითარდება სწორი ევროპული და დემოკრატიული მიმართულებით”, – აცხადებს პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნება არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდვაა, როგორ შეიძლება, ორგანიზაციამ, რომელიც საბიუჯეტო ხარჯვას და კორუფციას აკონტროლებს, მთავრობის ფული მიიღოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძის თქმით, ხელისუფლებამ ღალატი ჩაიდინა.
„ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დაიკარგება, რომელიც ხმარდებოდა სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას, ფერმერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ეს ყველაფერი უცხოეთიდან მოდიოდა და სამუშაო ადგილები იქმნებოდა. ახლა თურმე ამ ორგანიზაციებს ბიუჯეტი დააფინანსებს. ეს სამთავრობო ორგანიზაცია იქნება, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ხელისუფლების მორჩილი უნდა იყვნენ. როგორ შეიძლება, ორგანიზაციამ, რომელიც საბიუჯეტო ხარჯვას და კორუფციას აკონტროლებს, მთავრობის ფული მიიღონ და კრიტიკული საქმიანობა გააგრძელონ. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდვა მოქალაქეების ფულით. უცხოეთიდან ასეულობით მილიონი არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტებია, არამედ ის, რაც ბიზნესს ემსახურებოდა და შეღავათიანი კრედიტები იყო. ხელისუფლებამ ღალატი ჩაიდინა, რაც უკვე ეკონომიკურ მხარეზეც აისახება, როცა პარტნიორების მხრიდან დახმარებები შეწყდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარტიის “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივნის, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, არ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობაზე იყოს დამოკიდებული.
მისი განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი უნდა იყოს მთავრობისგან, ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც.
“არასამთავრობო ორგანიზაცია გულისხმობს საკუთარ თავში მას, რომ არ იყოს დამოკიდებული მთავრობაზე. არასამთავრობო ორგანიზაცია შეუძლებელია დამოკიდებული იყოს მთავრობაზე. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი რესურსულად, პოლიტიკურად და საკუთარ გადაწყვეტილებებში”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქმიანობის სფეროს მიხედვით არის განსხვავებული, ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელიც სერვისის მიმწოდებელია სხვადასხვა ტიპის მოწყვლადი ჯგუფებისთვის, შესაძლოა, იღებდეს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასეთი პრაქტიკა აქამდეც არსებობდა და იმედი მაქვს, მომავალშიც იარსებებს, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის ინიციატივა, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, იმ კანონის გაგრძელებაა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიიღეს.
„რაც შეეხება ამ ინიციატივას, რომელიც დღეს გაჟღერდა, ეს არის, ჩვენი შეფასებით, „რუსული კანონის“ გაგრძელება. „რუსული კანონის“ მთავარი მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხება, მათი სტიგმატიზება და, საბოლოოდ, ასეთი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის დასრულება ამ ქვეყანაში. ერთი მხრივ, ეს კანონი შემზღუდველ ეფექტს ატარებს, დისკრიმინაციული რეგულაციებია, კონსტიტუციასთან შეუსაბამო. მეორე მხრივ, თითქოს შესაძლებლობის გაჩენაა, რომ ეს ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან, ეს კიდევ ერთხელ არის ამ სტიგმის გამაძლიერებელი. ამით ხელისუფლებას იმის ჩვენება უნდა, თითქოს საერთაშორისო ფონდებიდან, სხვა ქვეყნის დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული თანხით არ კეთდება სახელმწიფო საქმე. ეს არის არსი ამ დაფინანსების. სინამდვილეში, ჩვენი საქმიანობა, რომელიც, მათ შორის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ აქვს, უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას, ჩვენი საზოგადოების ინტერესების გატარებას. როდესაც „რუსული კანონის“ მიღების პირობებში ასეთი რისკების ქვეშ დგანან არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიები, ასეთი ფონდის შექმნა ერთმანეთთან თავსებადი არ არის. ამ კონტექსტსა და ვითარებაში ასეთი განცხადება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ „რუსული კანონის“ ეფექტი გააძლიეროს, მოუწოდოს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე არ დაემორჩილნენ ამ კანონს, მათ შორის, ჩვენც, რომ გარკვეულწილად რაღაც ბენეფიტი დავინახოთ. ღირსებაზე როდესაც ვლაპარაკობთ და ვამბობთ, რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდით, რადგან ღირსების შემლახველია ამ რეესტრში რეგისტრაცია, ამის სანაცვლო ვერ იქნება ვერანაირი ფონდი, რომელიც რაიმე დაფინანსებას მისცემს საზოგადოებას“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.
ქურდოვანიძის განცხადებით, ხელისუფლება არასდროს მისცემს დაფინანსებას კრიტიკულ ორგანიზაციებს, რომლებიც მისი მაკონტროლებლები არიან.
„გარდა ამისა, ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც ხელისუფლება ნებისმიერ კრიტიკულ განცხადებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს, პროპაგანდის იარაღს იყენებს, იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლება ასეთ ორგანიზაციებს რაიმე დაფინანსებას მისცემს, არის რეალობას აცდენილი. ხელისუფლება არასდროს მისცემს დაფინანსებას კრიტიკულ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლების მაკონტროლებლები არიან. ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკა არის, მათ შორის, ის, რასაც ისინი აკეთებენ. რადგან, მაგალითად, როდესაც შენ მუშაობ კორუფციაზე და კორუფციული რისკების ანალიზს ახდენ, ამაზე საზოგადოებას ინფორმაციას აწვდი, მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება ამ აქტივობის დაფინანსებას შეძლებს ან გააგრძელებს, არ უნდა გქონდეს. შეუძლებელია, შეინარჩუნო საქართველოს რეალობაში დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და, მეორე მხრივ, დაფინანსებას იღებდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აკონტროლებდე ამ ხელისუფლების ნაბიჯებს. ეს საზოგადოების თვალში იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც ეს ფუნქციები აქვთ, ნდობას შეამცირებს. არ ვსაუბრობ იმაზე, რომ არსებობენ სერვისების მიმწოდებელი სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმით, რომლებსაც სხვა მოწყობა აქვთ, სხვა ტიპის საქმიანობას ახორციელებენ“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნება არასამთავრობოების გაუქმებისკენ გადადგმული ბრწყინვალე ნაბიჯია, ოღონდ ამჯერად მათი მოსყიდვის გზით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხვიჩიას თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების სუბსიდირებას ისევ კახელი მეღვინეების სუბსიდირება სჯობს, რადგან ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმება.
„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გრანტს მთავრობა უხდის, სამთავრობო ორგანიზაციები არიან. ანუ თავისი შინაარსით არასამთავრობო ვერ იქნება. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებისკენ გადადგმული ბრწყინვალე ნაბიჯია, ოღონდ ამჯერად მათი მოსყიდვის გზით.
„ქართული ოცნების“ არასამთავრობო ორგანიზაციები აქამდეც არსებობდა, მაგრამ ახლა ეს არის მოსყიდვის გზა მათი გაუქმების მიზნით. არასამთავრობო ორგანიზაციების სუბსიდირებას ისევ კახელი მეღვინეების სუბსიდირება სჯობს, რადგან ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, მხოლოდ მათი გაუქმება. ხალხისთვის აუხსენელი იქნება, რატომ ვასუბსიდირებთ არასამთავრობოებს?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ
ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა, – ამის შესახებ „ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა.
ბოკუჩავა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, რომ ე.წ. გონგოს განმარტებას გაეცნოს.
„ირაკლი კობახიძეს ვურჩევდი ელემენტარულად ე.წ. გონგოს განმარტებას გაეცნოს. ეს არის სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაცია და ავტოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობენ სწორედ ასეთი „არასამთავრობო სამთავრობო ორგანიზაციები“. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა, პოლიტიკის გავლენებისგან და წნეხისგან თავისუფალი სამოქალაქო სექტორი, მაგრამ ეს დემოკრატიული საზოგადოების არსი და ფუნდამენტია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიას, ევროპულ პერსპექტივას, კეთილდღეობას აირჩევენ. ამით ჩვენ ყველა, საქართველოს თითოეული მოქალაქე მოვიპოვებთ შანსს, რომ უმოკლეს ვადებში გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირის პასპორტი ამაყად ხელში ეჭიროს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას სურს, ქვეყნის ძარცვის უფლება შეინარჩუნოს. ასე ეხმაურება ის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მთავრობა “ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი” არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამას შექმნის.
ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ დანიშნოს ორგანიზაციები, როგორც ეს ხდება რუსეთში.
ვაშაძის განცხადებით, მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები კორუფციულ სქემებს ვერ გამოიძიებენ.
“ირაკლი კობახიძემ დღეს ყველას პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა. აი, თურმე, რატომ ებრძვიან არასამთავრობო სექტორს, რა აღელვებს კობახიძეს, ივანიშვილს, მის დაჯგუფებას? ამ კითხვებზე პასუხი პირდაპირ გვითხრა ირაკლი კობახიძემ, მათ აწუხებთ, რომ კორუფციულ ფაქტებს როდესაც ავლენს სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს მათთვის არის მიუღებელი. მათ უნდათ, რომ ქვეყანა ძარცვონ, მათ უნდათ, რომ ძარცვის უფლება შეინარჩუნონ. და ახლა არასამთავრობო, ხაზს ვუსვამ არასამთავრობო, სიტყვაშიც კი ჩანს არასამთავრობო ორგანიზაციები მათ უნდათ, რომ აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად. შეხედეთ, რაშია საქმე, ისინი ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მიუკერძოებლები კი არ უნდა იყვნენ, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდათ, რომ დააფინანსონ, რომ ისინი აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად.
როგორც პროკურატურა, ანტიკორუფციული თუ სამართალდამცავი ორგანოები ხელს აფარებენ მათ კორუფციულ ძარცვის გეგმებს, ისე დააფაროს უკვე ამ სამთავრობო ორგანიზაციებმა “არასამთავრობო ორგანიზაციების” სახელით მათ მიერ კორუფციულ სქემებს.
აი, მეგობრებო, ზუსტად ეს არის, რატომაც ვერ ვიღებთ 14 მლრდ ევროს ევროკავშირისგან. 14 მლრდ ევროს საქართველო მიიღებს ევროკავშირისგან, თუ არსებობს გარანტია ამ 14 მლრდ ევროს არავინ არ მიითვისებს. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები არის ამის გარანტია, მიუკერძოებელი ანტიკორუფციული ინსტიტუცია, რომელსაც ჩვენ გეუბნებით.
კობახიძე კიდე რას ამბობს? ჭირსაც წაუღია 14 მლრდ, მთავარია ჩვენმა ივანიშვილის გარემოცვამ ძარცვოს ეს ქვეყანა. ანუ მას უნდა, რომ დანიშნოს ორგანიზაციები, როგორც ეს ხდება რუსეთში, დაარქვას მათ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, დააფინანსოს მათი ბიუჯეტიდან, მოკლას მათი მიუკერძოებლობა და ძარცვოს ქვეყანა, გაგაღარიბოთ თქვენ და გამდიდრდნენ თვითონ. ეს აღიარებითი ჩვენება მოგვცა დღეს ირაკლი კობახიძემ. როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები იყვნენ არასამთავრობო? არასამთავრობო ორგანიზაცია იმიტომ არის, რომ მას მთავრობა არ აფინანსებს და ის არის მთავრობის მაკონტროლებელი, რაში იხარჯება ფული, ვინმემ ხომ არ მიითვისა? ამაშია რეალურად საქმე, ამას ებრძვის ქართული ოცნება, მას უნდა ძარცვის უფლება შეინარჩუნოს და ფაქტობრივად მოკლას დამოუკიდებელი ინსტიტუციის სახით მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მათ უკონტროლებენ ხარჯებს, ტენდერებს, ჯიბეში, რომ ფულს იდებენ.
ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არა მხოლოდ 14 მლრდს ვერ მივიღებთ, რომელზეც ჩვენ ვართ ამის გარანტი და ჩამოვიტანთ საქართველოში, არამედ იმ პროექტებსაც, რომელიც დღეს ევროპიდან ფინანსდება”, – თქვა ვაშაძემ.
საკითხს რომ ემოციებისა და მიკერძოების გარეშე მივუდგეთ, ამ ინიციატივით ქვეყანაში იქმნება ფაქტობრივად ახალი ეკოსისტემა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის, რომელიც დაეფუძნება იმ საუკეთესო პრაქტიკას რასაც ჰქვია ხარჯების და მათი მიზნობრიობის სრული(!!!) გამჭვირვალობა, – ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას საქართველოს მთავრობის მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს შექმნის თაობაზე.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ოპოზიციაში ამ ინიციატივას უარყოფითად შეხვდნენ, თუმცა, არგუმენტების ნაცვლად, მხოლოდ უსაფუძვლო განცხადებებით შემოიფარგლნენ. მისივე თქმით, სამოქალაქო სექტორის ჯანსაღი ნაწილი პრემიერის განცხადებას უნდა მიესალმოს.
“საკითხს რომ ემოციების და მიკერძოების გარეშე მივუდგეთ, ამ ინიციატივით ქვეყანაში იქმნება ფაქტობრივად ახალი ეკოსისტემა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის, რომელიც დაეფუძნება იმ საუკეთესო პრაქტიკას რასაც ჰქვია ხარჯების და მათი მიზნობრიობის სრული(!!!) გამჭვირვალობა.
ოპოზიციაში ამ ინიციატივამ ციებ-ცხელება გამოიწვია და, როგორც სჩვევიათ, არგუმენტების ნაცვლად, როყიო განცხადებებს ისვრიან, მაგრამ პროცესი დაძრულია. წინასწარ რთულია თქმა, როგორ იმუშავებს ეს პროექტი, მაგრამ თუ ქვეყანაში სიტუაცია დალაგდა, დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის რყევის ინსტრუმენტები წაერთვათ, შანსები რომ პროექტი წარმატებული იყოს დიდია. ვფიქრობ, სამოქალაქო სექტორის ჯანსაღი ნაწილი მას მიესალმება. მეტიც, მათ შეუძლიათ თავადაც ჩაერთონ ინიციატივის დახვეწა-სრულყოფაში.
ევროკავშირის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების დაახლოებით 80% იმართება თავად ევროკავშირის ქვეყნების მიერ.
აშშ-ში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს დაფინანსებას, როგორც შტატების ასე ფედერალური მთავრობების ბიუჯეტიდან,” – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნება ძალიან პოზიტიური ინიციატივაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ვინაიდან არის მთელი რიგი სერვისები, არის ინიციატივები, ისეთი პროექტები, რომელსაც სამოქალაქო სექტორი, პასუხისმგებლობიანი არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო ეფექტურად განახორციელებენ. ამისთვის გამართლებულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა და სახელმწიფოსთან, საჯარო სერვისთან ერთად ყველა ის ორგანიზაცია იყოს ჩართული პროცესში, ვისაც აქვს გულწრფელი სურვილი, რომ ქვეყანას მოუტანოს მეტი პროგრესი, შექმნას ადგილზე მეტი მომსახურება, დაეხმაროს მეტ ადამიანს და ქვეყნის განვითარების საერთო პროცესში იყოს ჩართული. ჩვენ ველოდებით, რომ იქნება მაღალი ჩართულობა, იქნება ეფექტური მონაწილეობა ამ პროგრამაში, რომელიც უკვე 2025 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება. მანამდე, რა თქმა უნდა, ყველა მექანიზმი, თუ რა კრიტერიუმებით, როგორ ხდება ამ გრანტების გაცემა, ეს ყველაფერი გაიწერება, იქნება გამჭვირვალე. დარწმუნებული ვარ, ყველას, ვისაც ჰქონდა და აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, ემსახუროს თავის ქვეყანას, საზოგადოებას, ეს კიდევ მეტ და დამატებით საშუალებას მისცემს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივის ირგვლივ რადიკალების მხრიდან ამტყდარ აჟიოტაჟს ეხმიანება. მდინარაძე ირონიულად წერს, რომ თუ არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება, მაშინ მას არასამთავრობო კი არა, “გარესამთავრობო” ორგანიზაცია უნდა ერქვას.
“როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?! არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება! P. S. კრიტიკამაც არ დააყოვნა, მართალია, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან და არა საკუთარი ქვეყნის მთავრობის, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ გარესამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითად, NED – აფინანსებს აშშ-ს მთავრობა, GIZ – აფინანსებს გერმანიის მთავრობა, USAID – აფინანსებს აშშ-ს მთავრობა, UNDP – აფინანსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, EED – აფინანსებს ევროკავშირი, NDI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი, IRI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი… ნაცურ-აგენტურული ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა!” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
სიტყვა „არასამთავრობო ორგანიზაცია“ არის „watch dog“-ი, ანუ „მაყურებელი ძაღლი“, რომელმაც უნდა უკბინოს კონკრეტულ სამიზნეს, თუკი იქ გადაცდომის რაიმე დაშვება ხდება – რასაკვირველია, საქართველო ამ პერიოდიდან დიდი ხანია გამოვიდა და იმსახურებს იმას, რომ პროფესიონალმა არასამთავრობოებმა, ექსპერტებმა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში უცხო არაფერია და “უცხოეთში, ყოველ შემთხვევაში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს, თუნდაც სხვა ქვეყნებში, არის მთავრობებისგან დაფინანსებული”.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, წინასწარი გათვლებით, არასამთავრობოების დასაფინანსებლად, 200 მილიონამდე არის აუცილებელი.
“სიტყვა “არასამთავრობო ორგანიზაცია” არის “watch dog”-ი, ანუ “მაყურებელი ძაღლი”, რომელმაც უნდა უკბინოს კონკრეტულ სამიზნეს, თუკი იქ რაიმე დაშვება ხდება გადაცდომის. რასაკვირველია, საქართველო ამ პერიოდიდან დიდი ხანია გამოვიდა და იმსახურებს იმას, რომ პროფესიონალმა არასამთავრობოებმა, ექსპერტებმა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო – კორუფციიდან დაწყებული განათლების თემებით დამთავრებული, საპარლამენტო, სამთავრობო საქმიანობა, მაგრამ საკვირველია, ეს კრიტიკა უნდა ემსახურებოდეს მდგომარეობის გამოსწორებას და არა რევოლუციის მოწყობას.
წინასწარი გათვლებით, 200 მილიონამდე არის აუცილებელი პირველ ეტაპზე და მერე უნდა გაიზარდოს ეს სახსრები, ვინაიდან საზოგადოებას მართლაც სჭირდება კრიტიკული ადამიანებისგან დაკომპლექტებული ისეთი ინსტიტუტები, რომელიც სწორედაც ზედამხედველის როლს შეასრულებენ და არ იქნებიან პირდაპირ სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები,” – განაცხადა ვოლსკიმ.