მნიშვნელოვანისიახლეები

„ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“-უკრაინის სოლიდარობის აქცია პარლამენტთან

სოლიდარობის აქციას არ უერთდება საქართველოს ხელისუფლება

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქცია სახელად – „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ დაიწყო.

24 თებერვლის აქცია ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ და ქვეყანაში მცხოვრებმა უკრაინელმა აქტივისტებმა და მოქალაქეებმა დააანონსეს.

“აქციის მიზანია მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ერთი წელია რაც გრძელდება, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კი 9 წლიანი ომი მიმდინარეობს. მტერი აგრძელებს შეტევას, ცდილობს უკრაინის ხელში ჩაგდებას. თუ უკრაინა დაიპყრო, მაშინ რუსეთი სხვა დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ შეტევაზე წავა.

თანამედროვე რუსეთს, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის, შეიძლება შეაჩეროს მხოლოდ უკრაინის არმიის გამარჯვება უკრაინის ბრძოლის ველზე, ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება თანამედროვე დასავლური იარაღი, ასევე აგრესორ სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციების შემდგომი გაძლიერება.

ამასთან, უკრაინა, რომელიც ითხოვს იარაღს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, ომს არ აპირებს, პირიქით, მშვიდობისკენ ისწრაფვის. მშვიდობის ერთადერთი გზა ჩვენი გამარჯვებაა!

სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს, სინათლე კი სიბნელეს. დიდება უკრაინას!”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.
აქციის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური პერფორმანსი, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლოდ.

“ჩვენ უნდა ვანახოთ, რომ ქართველი ხალხი არის ბოროტსა და კეთილს შორის. ომის მდგომარეობაში ასეთი ცხადი იშვიათად არის, როდესაც ვიცით ვინ არის ბოროტი და ვინ არის კეთილი. ყველას საქართველოში კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს ომი არის ჩვენი ომი, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დიდი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და ისიც დავინახოთ რა პრობლემების წინაშე დგას დღეს საქართველო.”- ამბობს მწერალი, ლაშა ბაქრაძე
რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მცხოვრები უკრაინელები არიან შეკრებილი.

მოქალაქეთა ნაწილი თავდაპირველად რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტთან მიმდინარე უკრაინის სოლიდარობის აქციას მსვლელობით შემოუერთდნენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა.

“ეს არის საქართველო – დიდება გმირებს” – რუსთაველის გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ მოქალაქეები რუსეთის აგრესიასთან მებრძოლს მეგობარ ქვეყანას კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას და თანადგომას გამოხატავენ გმირი უკრაინელი მებრძოლებისა და ხალხისადმი. სოლიდარობის აქციას არ უერთდება საქართველოს ხელისუფლება.

ბათუმში ომის წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა – 6 მაისის პარკთან უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციაზე რუსული აგრესია დაგმეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

პარკთან შეკრებილებმა სიმბოლურად უკრაინის რუკის კონტური მოხაზეს და განაცხადეს რომ უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს ყველა დაკარგულ ტერიტორიას.

თბილისში უკრაინის მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დედაქალაქისკენ უკვე დაიძრნენ.

მანამდე აქცია ქუთაისშიც გაიმართა. ქალაქის მთავარ მოედანზე მესამე სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა უკრაინაში რუსული აგრესია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ახლა უკვე დადასტურებულად შეიძლება ვთქვათ, რომ უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და მასთან ერთად ნათელ მხარეს საქართველოც უნდა გავიდეს.

საქართველოს პარლამენტთან, სადაც უკრაინის სოლიდარობის აქცია -„ ეს არის საქართველო დიდება გმირებს“ მიმდინარეობს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ყველა იმ ქართველ მეომარს, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაღუპული ქართველი მეომრის სახელები და გვარები წაიკითხეს.

მანამდე კი, აქციის მომდინარეობისას გაჟღერდა საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნები.

ზუსტად 1 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსი ოკუპანტების ჯარი უკრაინაში შეიჭრა და, როგორც ბორის ჯონსონმა უწოდა, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე “დიდი ომი” დაიწყო. ამასთანავე ეს 21-ე საუკუნის ევროპაში პუტინის მესამე ომია – 2008 წლის აგვისტოში საქართველოში, ხოლო 2014 წელს დონბასში შეჭრის შემდეგ. უკრაინაში მიმდინარე ომი, რომლის დაწყების საფრთხეებზე უკრაინაც და აშშ-ც ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოდან საუბრობდნენ და რომლის უკანონობასა და არაპროვოცირებულობაშიც დასავლეთს ეჭვი აღარ ეპარება, შეჭრის დღიდანვე მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში და უკრაინამაც პუტინის წინააღმდეგ გაერთიანებული დასავლეთისგან უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.
დღეს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ზუსტად 1 წელი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია დღეს, 24 თებერვალს, რუსთაველზე 19:00 საათზე დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button