მნიშვნელოვანისიახლეები

,,ეს კანონი უკავშირდება არა გრანტს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს,,-კობახიძის განმარტება

გრანტების და NGO-ების მეშვეობით საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას, შესაბამისად, ეს კანონი უკავშირდება არა გრანტს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის, ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.
ინიცირებული ცვლილებების თანახმად, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება – თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

მისი თქმით, ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საზოგადოებაში სიძულვილის ხელოვნურად დათესვას წინ აღუდგნენ.

„ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გრანტების მეშვეობით, NGO-ების მეშვეობით, საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი და ხელოვნურად გახლიჩონ საზოგადოება. ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ წინ აღვუდგეთ სიძულვილის ხელოვნურად დათესვას ჩვენს საზოგადოებაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ NGO-ები და გარე გაუმჭვირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი.

„ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლების აღიარება წინა ადმინისტრაციის ქმედებებთან დაკავშირებით. ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ USAID-ის, NED-ის თანხები ხმარდებოდა სხვა სახელმწიფოებში რევოლუციურ პროცესებს, ქვეყნის არევას. ეს არის პირდაპირი აღიარება, ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ აღიარებას ევროპული სტრუქტურებიდან. ყველაფერი დღესავით ნათელია. თქვენ ხედავთ, ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან რადიკალიზმის გაღვივებით და სიძულვილის დათესვით დაკავებული. ეს არის ყველაზე მდიდარი NGO-ები. პოლიტიკური პარტიებიც კი, რომლებსაც კონსტიტუციის დარღვევით აფინანსებდნენ კონკრეტული ფონდები. ყველაფერი ხელის გულზე დევს ისედაც, მაგრამ ჩვენ ბოლომდე გამჭვირვალე უნდა გავხადოთ ეს ყველაფერი იმისათვის. რომ ბოლომდე იყოს მტკიცედ დაცული საქართველოს უსაფრთხოება. ეს არის უსაფრთხოების თემა. NGO-ები, გარე დაფინანსება, გაუმჭვირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი. ჩვენ ამას ვუპირისპირდებოდით წარსულშიც და დავუპირისპირდებით კიდევ უფრო მტკიცედ მომავალშიც“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში შემოდინებული თანხები უნდა იყოს გამჭვირვალე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, “გრანტების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არაერთხელ დადასტურდა, რომ უცხოეთიდან მომდინარე თანხები გამოიყენება არა იმ “კეთილი” მიზნებისთვის, რაც სათაურად აქვს მითითებული, არამედ, აბსოლუტურად სხვა მიზნებისთვის. მათიკაშვილმა მაგალითად მოიყვანა USAID-ისა და NED-ის სკანდალიც და განმარტა, რომ ყველა უცხოური თანხა, გამონაკლისების გარდა, რაც კანონპროექტში გათვალისწინებულია, საჭიროებს სათანადო ნებართვას.

“უცხოეთიდან მომდინარე თანხები, მას გრანტს დაარქმევენ თუ რაიმე სხვა ფრომით გადაწყვეტენ, შემოაპარონ ჩვენს ქვეყანაში, არა იმ მიზნებით, რა “კეთილი” მიზნებიც ამ თანხების შემოდინებას სათაურად აქვს ხოლმე, არამედ, აბსოლუტურად სხვა მიზნებით – და ეს ყველაფერი არაერთხელ დადასტურდა, როგორც აშშ-ში USAID-ის და NED-ის სკანდალის ჭრილში, ასევე, ევროკავშირში, შესაბამისი კომისიის დასკვნებით, მონიტორინგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით. ყველა ამ გარემოებამ, ცალსახად დაადასტურა, რომ ნებისმიერი თანხა, გარდა კონკრეტული გამონაკლისებისა და ამას კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც შემოვა საქართველოში, თუნდაც გრანტის სახით, საჭიროებს სათანადო ნებართვას სახელმწიფოს ან მისგან უფლებამოსილი პირის მიერ, ხოლო, ამ პროცესზე მონიტორინგს გააკეთებს ანტიკორუფციული სამსახური.” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

“გრანტების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ინიციატივა უცხოური დონორების მხრიდან გრანტის გაცემის წესს დაარეგულირებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ისეთი გრანტის ჩარიცხვა, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესშია და ქართველ ხალხს მოხმარდება და არა რევოლუციის მოწყობა.

“ძალიან კარგი ქართული ანდაზა არსებობს, “ქურდს ქუდი ეწვისო”, ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ ორგანიზაციებს სთხოვს და ავალდებულებს, რომ გრანტებს თუ მიიღებენ, მთავრობისგან აიღოს თანხმობა და მაშინვე გამოჩნდნენ ეს ადამიანები და მაშინვე თქვეს, რომ ჩვენ საწინააღმდეგოდ მიიღებენ გრანტებსო და შეგვიძლია დავუდასტუროთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო გრანტები ჩვენს ქვეყანაში აღარ იქნება მიღებული. ამ ადამიანებს სწორად აქვთ წუხილი, იციან რომ მთელი მათი დაარსების მომენტიდან, მთელი მათი საქმიანობა არის მიმართული, რომ ჩვენი ქვეყანა ჩამოშალონ, მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში სისხლიანი რევოლუცია. ამ ყველაფერში იხარჯებოდა და ხარჯავდნენ ეს ორგანიზაციები თანხებს და ახლა რა თქმა უნდა, სწორად აქვთ წუხილი, რომ ასეთ გრანტებს ვეღარ მიიღებენ. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი იქნება ისეთი გრანტის ჩარიცხვა, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესშია და ქართველ ხალხს მოხმარდება და არა რევოლუციის მოწყობას,” – ამბობს არჩილ გორდულაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button