“ეს პრობლემა რომ არ შემხვედროდა ცხოვრებაში, ამხელა სიმაღლეზე ვერ ავიდოდი სპორტში”, – ოლიმპიურმა ჩემპიონმა საოკუპაციო ძალების მიერ მისი გატაცების ეპიზოდი გაიხსენა
პეტრიაშვილი სპორტში დაბრუნებას ,,არ გამორიცხავს,,

“ეს პრობლემა რომ არ შემხვედროდა ცხოვრებაში, ამხელა სიმაღლეზე ვერ ავიდოდი სპორტში”, – ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა, “რუსთავი 2”-ის გადაცემა “ჩემპიონებში” საოკუპაციო ძალების მიერ მისი გატაცების ეპიზოდი გაიხსენა და ისაუბრა რა გავლენა მოახდინა ამ ფაქტმა მის შემდგომ ცხოვრებასა და კარიერაზე.
როგორც პეტრიაშვილი აღნიშნავს, ამ თემის შესახებ გულშემატკივართან არასდროს უსაუბრია, ზოგადად ცდილობს, ეს ეპიზოდი შედარებით მსუბუქად გაიხსენოს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ამ მომენტმა საკუთარი თავის რწმენა და გამარჯვების ჟინი მოუტანა.
“ამ თემაზე არასდროს მისაუბრია გულშემატკივრის წინაშე, ახლაც მარტივად და მსუბუქად გეტყვით ერთ საინტერესო ფაქტს და მანდ დავამთავროთ… მძიმე მომენტია-ხოლმე.
ეს პრობლემა რომ არ შემხვედროდა ცხოვრებაში, ამხელა სიმაღლეზე ვერ ავიდოდი სპორტში, იმდენად დიდი საბრძოლო განწყობა და ხასიათი მომცა ჩემმა თავგადასავალმა. ამიტომ, ესეც მნიშვნელოვანი იყო ჩესმ ცხოვრებაში – ხასიათი, ჟინი მომცა.
ბევრ ადამიანს აინტერესებს-ხოლმე, ჩემს საახლობლო წრეს, მეგობრებს და ყოფილა მომენტები, რომ ვიხსენებ-ხოლმე. ეს იყო დიდი გაკვეთილი და ძალიან მაგარი თავგადასავალი, ასე შემიძლია მოვნათლო. ძალიან დიდი ხასიათი, საკუთარი თავის რწმენა და გამარჯვების ჟინი მომცა ამ ყველაფერმა”, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა
გენო პეტრიაშვილის მშობლიური სოფელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაა. ის ბავშვობაში საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს.
გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული წარმატების შესახებ, ისაუბრა.
მისი თქმით, ბედნიერია ყველა სპორსტმენი, რომელიც საკუთარ თავზე გამოცდის ჩემპიონობას, მომენტს, როდესაც საკუთარი ქვეყნის დროშა იწევა და შეჯიბრებაზე სამშობლოს ჰიმნი ისმის.
“რა თქმა უნდა, ყველა შეჯიბრებაზე მივდივართ ოქროს მედლისთვის. გულშემატკივრის ბედნიერ სახეს რომ ხედავ, ეს არის ყველაზე მაგარი – შენი ქვეყნის დროშა, ჰიმნი, საოცარი მომენტია, ბედნიერია ადამიანი ამას საკუთარ თავზე, რომ გამოცდის. შემიძლია ვთქვა, რომ როცა ჩვენი ბიჭები და გოგონები იღებენ [ჩემპიონის ტიტულს] იგივე სიხარულს განვიცდი, მაგრამ შენ რომ აკეთებ სიგიჟეა.
გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მეშინოდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება ოქროს მედალზე გავსულიყავი ტოკიოს შემდეგ, მაგრამ იმდენად კარგად წავიდა მომზადების ეტაპი, რომ ალბათ მერე აცნობიერებ – თურმე ახლოს ხარ, შეგიძლია ევროპის ჩემპიონატზეც ძალიან ახლოს იყავი მოგებასთან და დავიჯერე, რომ ერთი ნაბიჯია. შემდეგ უკვე ოლიმპიურ თამაშებზე გამოცდილებაც საკმაოდ დიდი მქონდა. ირანელი სპორტსმენი იმდენად გამოცდილი არ იყო, თუმცა ძალიან დიდი სპორტსმენია, ალბათ ჭიდაობის მსვლელობის დროს ვაჯობე გამოცდილების ხარჯზე და წამოვიღეთ ოქროს მედალი”, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა
რაც შეეხება კითხვას სპორტში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ არ გამორიცხავს და საკუთარ ძმასთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში ვარჯიშსაც აგრძელებს.
“ვცდილობ, რომ კოტესთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მქონდეს სპარინგი, არა მარტო კოტესთან, ჩვენს გუნდში როცა დრო მაქვს და შესაძლებლობა, ბიჭებს ყოველთვის ვეხმარები, ფორმას ვინარჩუნებ. ვფიქრობ, ერთი წელი ტრავმების მოშუშებას დასჭირდება. თუ მომენატრება აუცილებლად დავბრუნდები…” – აღნიშნავს ოლიმპიური ჩემპიონი.