მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიოს მასშტაბით, თბილისი უერთდება 51 ქალაქს, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

მსოფლიოს მასშტაბით, თბილისი უერთდება 51 ქალაქს, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.

უკრაინის მოქალაქეების ორგანიზებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობები მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეებიც. უკრაინელები დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აღნიშნავენ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ “ეს აქცია არის იდეალური იმისათვის, რომ ქართველებმა კიდევ ერთხელ გამოხატონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. თავად უკრაინელებმა კი, სწორედ, ამ მხარდაჭერის გამო საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადონ.”

“24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავია. ამ დღეს ასევე ვუძღვნით ყველას, ვინც გასული 6 თვის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას. გახსოვდეთ, ჩვენ გავიმარჯვებთ მხოლოდ მაშინ, თუ ერთად ვიქნებით! ამიტომ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ უკრაინის მხარდასაჭერად, იმ გმირების სადიდებლად, რომლებიც უშიშრად იცავენ ჩვენს მშობლიურ მიწა-წყალს დამპყრობლებისგან. ჩვენ არ დავმორჩილდებით. არ შევეგუებით. ჩვენ დავიცავთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენ გავიმარჯვებთ”- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში დემონსტრანტებმა “პირველი რესპუბლიკის მოედნიდან” პარლამენტის შენობისკენ მოაწყვეს მსვლელობა.

უკრაინის დამოუკიდებლობის აღნიშვნა ბათუმში “ევროპის მოედანზე” დაიწყო. უკრაინელების მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციაზე უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები გაჟღერდა. უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებმა მოედანზე უკრაინის დროშა გაშალეს. აქციის მონაწილეები მსვლელობით გადაინაცვლებენ ზღვის სანაპიროსთან, “საოცრებათა მოედანზე” დამონტაჟებულ დროებით სცენასთან, სადაც დაგეგმილია კონცერტი. საზოგადოებას უკრაინიდან მიმართავენ უკრაინელი მსახიობები და მომღერლები, გაიმართება უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი კონცერტი.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა აქცია-პერფორმანსით აღინიშნა ქუთაისში. სამოქალაქო აქტივისტებმა სიმბოლურად უკრაინის დროშის ფერებში კვამლი გაუშვეს, ასევე მოეწყო ავტომობილებით მსვლელობა.

აქციის მონაწილეების თქმით, 31 წელია უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ის დღემდე იბრძვის თავისუფლებისთვის. მათი თქმით, მეგობარ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ბედი წყდება, ამიტომ ომში მყოფ მოძმე ქვეყნას მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ.
ინფორმაციისთვის, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ერთდროულად მსოფლიოს 24 ქვეყანასა და 51 ქალაქში ტარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button