მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ეს რუსული ნაციზმია, იგივე მესიჯებია, რაც ჰიტლერს ჰქონდა”-ზელენსკი და სტოლტენბერგი პუტინის სამშვიდობო პირობებზე

უკრაინის პრეზიდენტი პუტინის წამოყენებულ პირობებს ომის შეწყვეტაზე, იტალიურ მედიასთან ინტერვიუში გამოეხმაურა. SkyTG24-თან ინტერვიუში ზელენსკიმ პუტინის წინადადებები ჰიტლერის პოლიტიკას შეადარა, რომელმაც ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა მეზობელ სახელმწიფოებს.

„პუტინის პირობები არის ულტიმატუმი, ეს არაფრით განსხვავდება სხვა ულტიმატუმებისგან, რომლებიც ადრე წამოაყენა. ვხედავთ, ის ნაციზმის აღორძინებით არის დაკავებული, ნაციზმის ახალი ტალღაა, რუსული ნაციზმის ტალღა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს სურს არა მარტო ოკუპირებული, არამედ უკრაინის ტერიტორიის მთლიანად ხელში ჩაგდება.

„ეს იგივეა, რაც ჰიტლერმა ქნა, როდესაც განაცხადა, „მომეცით ჩეხოსლოვაკიის ნაწილი და ამით ყველაფერი დასრულდება“. თუმცა ეს არის ტყუილი, ისტორიული ტყუილი. შემდეგ იყო პოლონეთი, შემდეგ კი მთელი ევროპის ოკუპაცია. თქვენ იცით, რომ ნაციზმის ეს ტალღა არასდროს გაჩერდება. დღეს პუტინი საუბრობს ოთხ რეგიონზე, თუმცა მანამდე მხოლოდ ყირიმსა და დონბასზე ლაპარაკობდა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, პუტინის განცხადებები, რომ ომი დასრულდება უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიით, სანდო არ არის და ის ამაზე არ გაჩერდება.

“პუტინი იმავე გზას მიჰყვება [რასაც ჰიტლერი]. დღეს ის უკვე ოთხ რეგიონზე საუბრობს, მანამდე კი ეს იყო ყირიმი და დონბასი.” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას დღეს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა შესთავაზა.

როგორც პუტინმა თქვა, დიალოგის დაწყებისთვის საჭიროა, რომ უკრაინამ ჯარები გაიყვანოს დონეცკისა და ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან, უარი თქვას, ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე, ყველა დასავლური ანტირუსული სანქცია უნდა მოიხსნას, ასეთ შემთხვევაში რუსეთი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის.

პუტინის თქმით, რუსეთი ასევე დონბასიდან და ნოვოროსიიდან უკრაინული შენაერთების შეუფერხებლად, უსაფრთხოდ გაყვანის გარანტიას იძლევა, თუ ასეთი გადაწყვეტილება კიევში იქნება მიღებული.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი აუცილებელ პირობად მიიჩნევს უკრაინის ნეიტრალურ, უბლოკო, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს.

მისივე განცხადებით, ახალი სამშვიდობო წინადადება არ გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას, არამედ მის სრულ მოგვარებას.

კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე უარი თქვას-პუტინი უკრაინასთან ომის შეწყვეტის პირობებს ასახელებს

ნატოს გენერალური მდივანი პუტინის წამოყენებულ პირობებს ეხმაურება. იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარი ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა არა უკრაინის საქმე, არამედ რუსეთის პასუხისმგებლობაა:

“ეს არ არის უკრაინის წინადადება. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ეს წინადადება არ არის კეთილსინდისიერი და რეალურად ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციას სურს მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს…ამიტომაც ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას”- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

პუტინმა დღეს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები გაყვანა დაასახელა. მეორე პირობად კი NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button