მნიშვნელოვანირეგიონირეპორტაჟისაქართველოსიახლეებიტოკშოუ

„ეს ტექდათვალიერება რაღა საჭიროა?“

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

თელაველი ნუგზარ სოზაშვილი ათეული წლებია ტაქსის მძღოლად მუშაობს და მგზავრებს ტექნიკურად გამართული ავტომობილით ემსახურება. მისმა მანქანამ, რომელიც 2006 წელს არის გამოშვებული, ტექინსპექტირება ერთი წლის წინ გაიარა. ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ ავტომობილის გამართულობა საკმაოდ ძვირი უჯდება, რადგან ახალი სავალი ნაწილები უხარისხოა და მალე ცვდება, რის გამოც, მათი შეცვლა წელიწადში რამდენჯერმე უწევს. ამიტომ, ნუგზარ სოზაშვილი მიიჩნევს, რომ ტექინსპექტირება, 61 ლარის ნაცვლად, ბევრად იაფი უნდა ღირდეს.

 

ნუგზარ სოზაშვილი:

„აბა, სანამ იქამდე მიიყვან მანქანას, უკვე… ერთი ბეწო რაღაცაზე „დაგიბრაკავენ“, რა თქმა უნდა. მერე მეორედ უნდა შეაბრუნო. ძვირი ჯდება, რა თქმა უნდა, კაცო. მშობელი მყავდა ცუდად, მამაჩემი. 10 კილომეტრში ვცხოვრობ, სოფელში და 400 ლარი გადავიხადე. სადაც კამერამ დამაფიქსირა, მერე 50, მერე 150 ხდება. არადა, წესრიგს არ ვარღვევ არაფერს. ნაწილები ორნაირი შემოდის. გეუბნებიან: ეს არის ერთჯერადი, ეს არის კარგი ხარისხის. ერთჯერადს ხომ არ იყიდი?“

თელაველი აკაკი ელიზბარაშვილი ავტომობილებისათვის დაწესებულ ტექინსპექტირებას არ ეთანხმება. მძღოლი ამბობს, რომ ყველანაირი შემოწმების გარეშეც, გამართული მანქანით დადის და ტექინსპეტირება საერთოდ გასაუქმებელია.

აკაკი ელიზბარაშვილი:

„შეძლებისდაგვარად, მანქანას მაინც ვუვლით, ვაკეთებთ, რაც გასაკეთებელია. ეს ტექდათვალიერება რაღა საჭიროა? სანამ შევალთ, მანამდე გვიჯდება ძვირი, 500-600 ლარამდე. 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა, თითქმის, „პერედოკის“ ნაწილების შეცვლა. 20 ლარს ვიშოვით, 10 ლარს მანქანისთვის გადავდებთ. თვეში 3 დღე მაინც, მანქანას უნდა მივხედოთ. ნაწილებიც გაგვიძვირდა. შარშან თუ 60 ლარს ვაძლევდით ნაწილში, წელს 120 ლარს ვაძლევთ.“

ტექინსპექტირებისთვის დადგენილი წესის მიხედვით, ავტომანქანები მავნე გამონაბოლქვზე მოწმდება. ცვლილება 2023 წელს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა და ავტომანქანის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების ნორმაზე მაღალი შემადგენლობის დაფიქსირებისათვის, 100-დან 600 ლარამდე ჯარიმები დაწესდა. მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანი, რომელიც მშობლის თანხმობით ჩავწერეთ, ამბობს, რომ ქუჩებში მაინც გაუმართავი ტრანსპორტი მოძრაობს.

მოსწავლე გოგონა:

„მე ყოველდღე დავდივარ ავტობუსით. ისეთი საშინელი ხმა აქვს ავტობუსს, აი, თითქოს, გრიალებს და სულ რაღაცები უნდა მოსძვრეს. თან, ჩვენი სკოლაც არის გზისპირა მხარეს და ფანჯრებს როდესაც ვაღებთ, შემოდის მანქანების გამონაბოლქვი. თან, ქუჩაში როდესაც დავდივარ, ძალიან საშინელი სუნი დგას და ეს არის მანქანების და ავტობუსის გამონაბოლქვი. სამოქალაქო განათლებაში ვისწავლეთ ჩვენ, რომ მოძრავი ტრანსპორტი, თუ ის არ იქნება გამართული, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.“

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბადურ რევაზიშვილი მიიჩნევს, რომ ტექინსპექტირება მონოპოლიზებულია და ავტომობილების შემოწმება შერჩევით, ნაცნობობის მიხედვით ხდება. დეპუტატი ავტონაწილების სიძვირეზე, უხარისხობასა და მოუწესრიგებელ გზებზეც საუბრობს, რაც მძღოლებს დამატებით ფინანსურ ზიანს აყენებს.

ბადურ რევაზიშვილი:

„ერთხელ რომ შევაკეთო მანქანა, 800 ლარამდე მიჯდება. გააკეთებ მანქანას, გაივლი, თვენახევარში მანქანა მწყობრიდანაა გამოსული. უხარისხო ნაწილები შემოდის. ფასები საკმაოდ სოლიდური, უხარისხო. და წელიწადში, ალბათ, ერთი მანქანა რომ შეაკეთო და შეარემონტო, სადღაც, სამჯერ მაინც გიწევს შეკეთება. არნახულად მოწესრიგებულ მანქანს, საქარე მინაზე აღმოაჩნდა ასანთის თავის ხელა წერტილი. ამ წერტილის გამო ჰქონდა გამოსაცვლელი ეს მინა.“

ჩვენ შევეცადეთ, ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაც მოგვესმინა, რომელიც განმარტავდა, იგეგმება თუ არა ცვლილება ავტომობილების ტექინსპექტირების მიმართულებით და ზოგადად, როგორ უპასუხებდა უწყება მძღოლებისა და მოქალაქეების იმ შენიშვნებს, რაც წინამდებარე სიუჟეტში იყო გამოთქმული. მრავალი მცდელობის მიუხედავად, სამინისტროდან პასუხი ვერ მივიღეთ.

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button