მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დააკანონა

რიიგიკოგუმ – ესტონეთის პარლამენტმა – მიიღო ცვლილებები, რომლებიც ქორწინების უფლებას აძლევს ერთი სქესის წყვილებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ERR.ee იტყობინება.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 55-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 34, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. გარდა ქორწინებისა, ჰომოსექსუალ პარტნიორებს უფლება მიეცათ, შვილები აიყვანონ მეორე ბიოლოგიური მშობლის თანხმობით. ასევე, ძალაში რჩება ერთად ცხოვრების შესახებ ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა, რომელიც ესტონეთის კანონმდებლობაში 2016 წელს იქნა მიღებული.

ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების შესახებ კანონი 2024 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

ესტონეთი გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. 2023 წლის მდგომარეობით, ჰომოსექსუალური ურთიერთობები შეიძლება დაკანონდეს კიდევ 34 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, სლოვენიასა და კუბაში. ისრაელი ასევე აღიარებს ერთნაირი სქესის პირთა მიერ საზღვარგარეთ გაფორმებულ ქორწინებებს.
კანონპროექტის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.

„ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც ყველას უფლება დაცულია და ხალხს შეუძლია, თავისუფლად უყვარდეს“, – წერს კალასი.
აღსანიშნავია, რომ ესტონეთში ჰომოსექსუალ წყვილთა ურთიერთობები საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული იყო, მისი დეკრიმინალიზაცია 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ერთი წლის შემდეგ მოხდა.

რუსეთში 2022 წლის დეკემბრიდან აიკრძალა ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება. ამისათვის გათვალისწინებულია ჯარიმები – მოქალაქეებისთვის 400 000 რუბლამდე და ორგანიზაციებისთვის ხუთ მილიონ რუბლამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button