მნიშვნელოვანისიახლეები

სანქციის მიუხედავად საქართველოსა და უკრაინას შორის ცალმხრივი მეგობრობის მდგომარეობა გრძელდება

ვითვალისწინებთ, უკრაინელი ხალხის, ქვეყნის მდგომარეობას და არ გვინდა, სანქციების საკითხზე მეტად შევიდეთ პოლემიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის ცალმხრივი მეგობრობის მდგომარეობა გრძელდება.

„სამწუხარო მოვლენაა, ამაზე კომენტარი არაერთხელ უკვე გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია, თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ, უკრაინელი ხალხის, ქვეყნის მდგომარეობას, ისინი არიან ომის მდგომარეობაში და არ გვინდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამაზე მეტად შევიდეთ ასე ვთქვათ პოლემიკაში. არის ცალმხრივი მეგობრობის მდგომარეობა და სამწუხაროდ, ასე გრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა, განცხადებას ავრცელებს.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, მიღებულ გადაწყვეტილებაზე [სანქციების დაწესებაზე] გარკვეული ზეგავლენა მოახდინა.

როგორც იაკობაშვილი თავის განცხადებაში ამბობს, უკრაინის მიერ სანქციების დაწესება სამწუხარო მოცემულობაა.

“ჩემზე სანქციების დაწესება უკრაინის ხელისუფლების მიერ არის სამწუხარო მოცემულობა, თუმცა ამის თაობაზე ამჟამად საუბარი ნაადრევია, რამეთუ მაქვს შეგრძნება, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა შესაძლოა გარკვეული ზეგავლენა მოახდინა მიღებულ გადაწყვეტილებაზე. რამდენადაც ვიცი, კომპანია, რომლის არასაკონტროლო პაკეტის აქციათა გარკვეული წილის მფლობელი გახლავართ, აწარმოებს თავის საქმიანობას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში. ზოგადად საზოგადოებას ამომწურავი პასუხის გაცემა ესაჭიროება. ამისათვის დროის გარკვეული მონაკვეთი უნდა გავიდეს, რათა მომხდარის ყველა შემადგენელი, პირველ რიგში ჩემთვის, ახსნადი გახდეს. მე საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი გახლავართ. საქართველოს მიწამ მიიბარა ჩემი მშობლები და წინაპრები. დღესაც არც თუ ისე ცოტანი არიან, და არა მარტო თბილისში, ადამიანები, ვინც იციან თუ რა მიკეთებია ამ მიწა-წყალზე. ბუნებრივია, ეს არ არის ჩემი შესაფასებელი, მაგრამ საქართველოსადმი ჩემს სიყვარულში არავის შეუტანია ეჭვი. ამდენად ნურავის ეგონება, რომ მე რაიმე საზიანოს ვაკეთებ საქართველოსათვის”, – ამბობს დავით იაკობაშვილი.
ეს არის კონკრეტული სახელმწიფოს გადაწყვეტილება. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ეს არის ძალიან არამეგობრული ნაბიჯი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულება არის სრულიად უსამართლო.

“ეს არის შანტაჟი, რომლის მიზანია, ბიძინა ივანიშვილი როგორმე შემოაბრუნონ პოლიტიკაში და აიძულონ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. უკრაინის ხელისუფლების რიგი წარმომადგენლები ძალისხმევას არ იშურებენ და იმ ურთულეს პერიოდში, რომელიც მათ ქვეყანაში დგას, იცლიან იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული განცხადებები გააკეთონ. ზელენსკის განკარგულება არის სრულიად უსამართლო, არანაირი არგუმენტაცია არ აქვს, ეს კონკრეტული ადამიანები რა ნიშნით, რის საფუძველზე მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში,” – განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა აღნიშნა, ზელენსკის განკარგულება არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ რა მიზნები აწუხებს რიგ პოლიტიკოსებს უკრაინაში იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს გარკვეული დაზიანება და პირდაპირ შანტაჟზე გადმოდიან.
19 ოქტომბერს უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა. ე.წ. შავ სიაში არიან: ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი, ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული. ასევე, ივანიშვილის დეიადშვილი უჩა მამაცაშვილი, მის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად. უჩა მამაცაშვილი რუსულ ბიზნესებთან არის კავშირში. ჩამოთვლილი პირების გარდა, სასანქციო სიაში ასევე ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც მოხვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button