მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ მისი ქვეყანა 2022 წლის 1 ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის დააწესებს სავიზო რეჟიმს.

“ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უპრეცედენტო საფრთხის წინააღმდეგ, მე შევთავაზე მინისტრთა კაბინეტს შეიმუშაოს საკითხი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლის რეჟიმის გადახედვას ეხება”, – თქვა ზელენსკიმ.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა. ასევე უკრაინის მთავრობა გეგმავს, შეაჩეროს რუსეთთან ზოგიერთი საერთაშორისო შეთანხმება.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეს საკითხი შემუშავებულია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული უპრეცედენტო საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

მანამდე, 26 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ პეტიციას მხარი დაუჭირა და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შესაბამისი საკითხის დამუშავება დაავალა.

2 მაისს, პეტიციამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, საჭირო 25 000 ხმა მოაგროვა. თავად დოკუმენტი კი 11 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე შეიქმნა.
მოსკოვს ამ ცნობის გარშემო კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი ყირიმის ანექსიისა და დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგაც გრძელდებოდა. რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ, რომ 180 დღის განმავლობაში 90 დღემდე დარჩენილიყვნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button