“უგულავას დაპატიმრება შეკითხვებს წარმოშობს და ვითარებას ძაბავს” – ევროპარლამენტარები

უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს განაჩენი გადაწყვეტილების პროცედურასთან, დროის შერჩევასთან და მოტივაციასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს – განცხადებას ოპოზიციის ლიდერის დაკავებასთან დაკავშირებით ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები აქვეყნებენ.
განცხადებას ხელს აწერს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საგარეო საქმეთა კომიტეტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი სვენ მიკსერი.
დოკუმენტში წერია, რომ მიმდინარე პროცესი ისედაც რთულ პოლიტიკურ ვითარებაში დაძაბულობას აღრმავებს.
ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ დიალოგის გაგრძელება საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სასიცოცხლოდ აუცილებელია ისეთ საარჩევნო რეფორმაზე კონსენსუსის მისაღწევად, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს.
10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან” 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ოპოზიციურმა პარტიებმა გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება. “ქართული ოცნება” ყველანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს და ევროპარლამენტარების მისიას გიგი უგულავას საქმის შესასწავლად იწვევს.