მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

3 საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები- რა ქონებას ფლობს კახეთის ახალი გუბერნატორი

კახეთში ახლადდანიშნული სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის, ირაკლი შიოშვილის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია გამოქვეყნდა. ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის შევსების დროს, შიოშვილს ჯერ კიდევ კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

დეკლარაციის თანახმად, ახალი გუბერნატორი ფლობს სამ საცხოვრებელ სახლს, თელავსა და თბილისში.
თელავში, ორი საცხოვრებელი სახლი შიოშვილს მემკვიდრეობით აქვს მიღებული.

თბილისში, მაღალაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა კახეთის გუბერნატორს, 2017 წელს, 57 ათას ამერიკულ დოლარად, ხოლო მანამდე, 2002 წელს, 600 დოლარად არასაცხოვრებელი ფართი აქვს შეძენილი.

სახლების გარდა, კახეთის ახალი რწმუნებული ფლობს, ექვს მიწის ნაკვეთს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში. აქედან, სამი ნაკვეთი მას მემკვიდრეობით ერგო, ერთი ჩუქების ხელშეკრულებით მიიღო, ხოლო ორი მიწის ნაკვეთი, მან 2016- 2017 წლებში შეიძინა. ერთი მიწის ნაკვეთი, შიოშვილს აქვს თელავშიც, რომელიც 2017 წელს , მემკვიდრეობით მიუღია.

მიწის ნაკვეთების გარდა, სახელმწიფო რწმუნებულის საკუთრებაშია 2015 წელს, 98 ათას ლარად შეძენილი, ტოიოტა ლენდ კრუიზერი, ხოლო მისი მეუღლე, რუსუდან ღამბაშიძე ფლობს, 2018 წელს, 4300 ამერიკულ დოლარად ნაყიდ, ნისანის მარკის მსუბუქ ავტომობილს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, შიოშვილს თბს ბანკის დეპოზიტზე, 14 486, ხოლო სახელფასო ანგარიშზე, 1893 ლარი ჰქონდა. ერთი წლის მანძილზე, სახელმწიფო რწმუნებულს, ხელფასის სახით 39.600 ლარი, მიწის ნაკვეთების ორჯერადად რეალიზაციით, 177 ათასი ლარი და ავტომობილის გაყიდვით 2300 დოლარი აქვს მიღებული.

დეკლარაციის შევსების დროს, კახეთის ახალი გუბერნატორს ხელზე ჰქონდა მიწის რეალიზაციით მიღებული, 354 ათასი ლარი, სახელფასო სარგო, 7 ათასი ლარის ოდენობით და ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული, 2300 დოლარი.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ, ირაკლი შიოშვილი 2016 წელს დაინიშნა.
2020 წლის აგვისტოდან, კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ის რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა.

გუბერნატორის თანამდებობას შიოშვილი 2021 წლის 8 თებერვლიდან იკავებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button