მნიშვნელოვანისიახლეები

ყოფილი პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს

საქართველოს მოქმედი, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. დღეს, 24 ნოემბერს, მან ჟურნალისტებს სააკაშვილის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემისას უთხრა, რომ თუ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა იარსებებს და მოსამართლეები გადაწყვეტილებას მიიღებენ, მიკსივე თქმით ორი პრობლემა გადაიჭრება. პირველი, ეს თავად ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობას ეხება, მეორე კი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს.

“თუ ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას: ჯანმრთელობის, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და მეორე საკითხსაც გადაწყვეტს, ამით სასამართლო მოგვცემს იმის გარანტიას, რომ არის დამოუკიდებელი, რაც ქვეყნისთვის არის არანაკლებ მნიშვნელოვანი”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მუდმივად იღებს ინფორმაციას.

“რაც ეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზედაც მე ყოველდღიურად ყურადღებით ვარ. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის და ჩვენი ღირსებისთვის”, – აღნიშნა მან.

სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც BBC-ს მისცა, თქვა, რომ არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. მან ისევ გაიმეორა, რომ სააკაშვილის შეწყალება “დიდ პოლარიზაციას” გამოიწვევდა.

კითხვაზე, თუ იქნება დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლა ძალიან ცუდად, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მიგაჩნიათ თუ არა რეალურად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს იქნება სწორი გზა.

„ეს არის სწორი გზა. ჩვენი კანონმდებლობით სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონსილიუმზე. მათი დასკვნა უნდა იყოს ძალიან მკაფიო და ეს უნდა იყოს ვექილების მიერ წარდგენილი სასამართლოში. დიდი იმედი მაქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button