ეტნამ კვლავ გაიღვიძა [Video]

ევროპის ყველაზე მაღალმა ვულკანმა, ეტნამ 5 დეკემბრის ღამით გაიღვიძა და აქტივობას აგრძელებს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს ამოფრქვევა ყველაზე მძლავრი იყო.

შედეგად, მის მახლობლად განლაგებული ქალაქი მესინა ფერფლით დაიფარა და ხელისუფლება იძულებული შეიქმნა, რათა ადგილობრივი აეროპორტი დაეხურა. სტიქიის გამო კატანიისა და რეჯო-დი-კალაბრიის აეროპორტებში რამდენომე რეისი გადაიდო.

გავარვარებული ლავის წითელმა ფოიერვერკმა ექსტრიმის მოყვარული ადამიანები კარვებითა და საძილე ტომრებით შეაიარაღა, რათა ვულკანის ლამაზი კადრების გადაღება დღე-ღამის განმავლობაში შეძლებოდათ.

ვულკანური ფერფლის ღრუბელმა ჰაერში რამდენიმე კილომეტრით აიწია. ამის გარდა, არემარეში მკვეთრი სპეციფიკური სუნი გავრცელდა, რომელიც ვულკანში გაზების დაგროვებას უკავშირდება.

ეტნა – მოქმედი სტრატოვულკანია, რომელიც კუნძულ სიცილიის აღმოსავლეთითაა განლაგებული. იგი 2 წელი მშვიდად იყო, მაგრამ მიმდინარე წლის ნოემბრიდან გააქტიურდა. მისი ყელი ზღვის დონიდან 3,5 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფება. ეტნაზე სამგზავრო ავტომობილებით ასვლა 1 900 მეტრის სიმაღლეზეა დასაშვები.

მსგავსი პოსტები

Back to top button