,,EU იმარტივებს პროცედურას, რომ ვიზალიბერალიზაციის თემა სხვადასხვა ქვეყნისთვის შანტაჟის მექანიზმად გამოიყენოს,,-ოცნება
ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება, უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის

“რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს, ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ევროკავშირი იმარტივებს პროცედურას, რომ ვიზალიბერალიზაციის თემა სხვადასხვა ქვეყნისთვის შანტაჟის მექანიზმად გამოიყენოს.
“ამ ტრენდის გაგრძელება, რომ დამატებითი შანტაჟის მექანიზმი ჰქონდეთ ქვეყნებზე და, შესაბამისად, დააშანტაჟონ სწორედ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, თუ ისინი არ გაატარებენ იმ პოლიტიკას, რასაც უკვე ბრიუსელში კონცენტრირებული Deep state მოითხოვს. თუმცა, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, ჯერ წლის ბოლომდე ბევრი დრო არის დარჩენილი, დაველოდოთ კონკრეტულად რა ცვლილებები იქნება. ჩვენ ყველაფერს ვასრულებთ პირნათლად. იქ უნდა იყოს რაღაცა ტიპის სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს. თუმცა იქ სამართლებრივ საფუძვლებზეც არ არის საუბარი, ვინაიდან ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატები უკვე აღარც კანონს ითვალისწინებენ და არც იმ პრინციპებს და ტრადიციებს ითვალისწინებენ, რაზეც ევროკავშირი დგას. შეუძლიათ ხელის ერთი მოსმით ისეთი ნაბიჯი გადადგან, რომელიც ყველაფერს ერთად ეწინააღმდეგება“, – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.
“ვიზალიბერალიზაცია არის ჩვენ ხალხის მონაპოვარი, მიუხედავად იმისა, რომ აქ კონკრეტული მოცემულობა არ ეპიტნავებათ ევროკავშირის ბიუროკრატებს,” – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქართველ ხალხს ევროკავშირის ბიუროკრატებმა პრობლემა არ შეუქმნან.
“ქართული საზოგადოება მიეჩვია ყოვლად უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებებსა და ზეწოლას ევროკავშირის კონკრეტული ბიუროკრატებისგან. Deep state საკუთარი მიზნებით არ ანელებს თავისი სურვილების ასრულების მცდელობას. ჯერ კიდევ აქტუალურია საქართველოს საკითხი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე და ის ვიზალიბერალიზაცია, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა არის ჩვენ ხალხის მონაპოვარი, მიუხედავად იმისა, რომ აქ კონკრეტული მოცემულობა არ ეპიტნავებათ ევროკავშირის ბიუროკრატებს, ისინი ვალდებულნი იქნებიან ქართველ ხალხს არ შეუქმნან პრობლემა, რომლის სურვილიც ძალიან დიდად ამოძრავებს Deep state-ს,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
“რამდენიმე წელია უკვე ევროკავშირი მუშაობს აღნიშნულ საკითხზე, რომ გარდა იმისა, რომ ერთის მხრივ, მიგრაციის პოლიტიკა მართონ უფრო ეფექტიანად, მეორეს მხრივ, ევროკავშირს შეეძლოს ამ საკითხით მესამე ქვეყნებზე, იმ ქვეყნებზე, რომლებზეც ვრცელდება და ვისაც აქვთ წვდომა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლაზე, მათზე ჰქონდეთ გავლენის მოხდენის უფრო ეფექტიანი მექანიზმი,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც რადიო “თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს.
“ეს არის რეალურად ფაქტი, და, დიახ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ მარტივდება, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩნდება უფრო მეტი საფუძველი იმისა ევროკავშირის ხელში, რომ მან შეუჩეროს სხვა ქვეყანას წვდომა შენგენის ზონაში,” – აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი.
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად ამ პრივილეგიით სარგებლობენ, მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს “ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების” ან “საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის” შემთხვევაში, მათ შორის, ადამიანის უფლებათა კანონმდებლობის და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო.
ევროპულმა სტრუქტურებმა აღნიშნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით გასულ კვირას პირველი შეხვედრა გამართეს. ევროპარლამენტის, ევროპული კომისიის და ევროპული საბჭოს მიზანია, შეთანხმებას მიაღწიონ იქამდე, სანამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი იქნება – ივნისამდე.
როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, ევროკავშირი იკანონებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს და ბრიუსელს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.
“ბრიუსელს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.
კიდევ ერთი საინტერესო და ახალი ასპექტია ის, რომ მექანიზმის ამოქმედება ამ შემთხვევაში ევროკომისიის ექსკლუზიური პრეროგატივა იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციების შემდეგ, რადგან ეს ბლოკის საგარეო ურთიერთობებს ეხება.
საბოლოო ჯამში, მესამე ქვეყანასთან სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება მაინც წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი იქნება – კვალიფიციური უმრავლესობით. ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს კვლავაც უკიდურეს ზომად განიხილება, ვინაიდან ბლოკს, როგორც წესი, არ სურს მთავრობის გამო დასაჯოს ქვეყნის მთელი მოსახლეობა.
სწორედ ამიტომ იყო, რომ წლის დასაწყისში ევროკავშირმა არჩია, შეეჩერებინა სავიზო ლიბერალიზაცია მხოლოდ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის, ამ ქვეყანაში დემოკრატიული უკან დახევის ფონზე. თუმცა მთელი მოსახლეობის სამიზნეში ამოღების ვარიანტი კვლავაც არსებობს და შეჩერების მექანიზმის მომავალი გაფართოების შემდეგ ბრიუსელს შეეძლება უფრო მოქნილად იმოქმედოს,” – წერს რიკარდ იოზვიაკი.
შეთანხმების შემთხვევაში, ახალი კანონმდებლობა შემოდგომის დასაწყისშივე ამოქმედდება.
ცნობისთვის, “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად ამ პრივილეგიით სარგებლობენ, მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, ევროკავშირი იკანონებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს და ბრიუსელს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.