მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

EU-ს უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან ნაწილი გადასცა-მოსკოვი უკრაინის დახმარების გამო EU-ს დაემუქრა

რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს ევროკავშირის მიერ რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას

ევროკავშირმა 26 ივლისს გამოაცხადა, რომ უკრაინას გადაურიცხა ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი – ეს პირველი გადარიცხვაა.

კიევი 1,5 მილიარდ ევროს მიიღებს თავდაცვის ხარჯების დასაფარად. გადარიცხვის შესახებ განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც დააზუსტა, რომ ფული მოხმარდება უკრაინის თავდაცვას და მის აღდგენას.

„არ არსებობს კრემლის ფულის გამოყენების უკეთესი სიმბოლო და უკეთესი გზა, ვიდრე მოხმარდეს ის იმას, რომ უკრაინა და მთელი ევროპა გახდეს ცხოვრებისთვის უფრო უსაფრთხო ადგილი“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე გადაწყვიტა, უკრაინისთვის გამოეყენებინა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი.

კომისიის მონაცემებით, რუსეთის ცენტრალურ ბანკს ჩამოერთვა 210 მილიარდ ევროზე წვდომის ნებართვა. ბრიუსელში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის, Euroclear-ის თანახმად, შარშან ამ თანხიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა 4,4 მილიარდ ევროს მიაღწია.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას და თანხა უკრაინის თავდაცვისთვის და აღდგენისთვის არის განკუთვნილი.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმებას ივნისში მიაღწია. გადაწყვეტილება უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღეს.

რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს ევროკავშირის მიერ რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას, – ამის შესახებ კრემლის პერესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას პესკოვმა თქვა, რომ ევროკავშირის ეს ნაბიჯი „უკანონოა“.

„ევროკავშირის ასეთი ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩება. ეს არ არის საბაბი სწრაფი რეაქციისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის საბაბი საპასუხო გააზრებული ქმედებებისთვის. საპასუხო ქმედებები აუცილებლად იქნება, მაგრამ სრულად უნდა იყოს გააზრებული და შეესაბამებოდეს ჩვენს ინტერესებს“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ 1,5 მილიარდ ევროს გადასცემს.

მსგავსი პოსტები

Back to top button