EU NATO-ს მოუწოდებს უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიოს

15 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია. ევროპარლამენტარები ნატო-ს მოკავშირეებს მოუწოდებენ, პატივი სცენ უკრაინის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და გზა გაუხსნან კიევს თავდაცვის ალიანსში გასაწევრიანებლად.
რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს 425 ხმით 38 წინააღმდეგ მიიღო თავი შეიკავა 42-მა. ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ იმედი აქვთ, „გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ დაიწყება და რაც შეიძლება მალე დასრულდება“.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ სრულუფლებიან წევრობამდე ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა, ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების დროებითი ჩარჩოს შემუშავების მიზნით, რომელიც უნდა განხორციელდეს ომის შემდეგ. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ინტეგრაცია ნატო-სა და ევროკავშირში გააძლიერებს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას და გააძლიერებს კავშირებს უკრაინასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებას შორის.
ევროპარლამენტარებმა ასევე გამოთქვეს იმედი, რომ ევროკომისია მალე დადებით დასკვნას გამოიტანს უკრაინის მიერ კანდიდატი ქვეყნისთვის გათვალისწინებული შვიდი რეკომენდაციის შესრულებაზე და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების წელს დაწყება გახდება შესაძლებელი.
ამასთან, რეზოლუციაში ევროდეპუტატები გმობენ კახოვკას ჰესის განადგურებას და აღნიშნავენ, რომ ეს ომის დანაშაულია და რომ ყველა, ვინც დამნაშავეა ომის დანაშაულებში, უნდა დაისაჯოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
ვილნიუსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისგან უკრაინა ელოდება უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში წევრობამდე პერიოდისთვის და არა, როგორც წევრობის ალტერნატივას. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი პერებიინისმა განაცხადა.
უკრაინელი დიპლომატის თქმით, უკრაინის მოლოდინებს შორის არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტულ ალგორითემბთან და ვადებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, ასევე უსაფრთხოების საიმედო გარანტიების საკითხი.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ გარანტიების მიღება ჩვენ გვსურს არა ნატო-ს წევრობის ნაცვლად, არამედ სრულფასოვანი წევრობის მიღებამდე პერიოდისთვის. ყველასთვის გასაგებია, რომ უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია არის სწორედ ნატო-ს წევრობა, რადგან არსებობს მეხუთე მუხლი, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებას გულისხმობს, თუმცა ალიანსში წევრობის მოპოვებამდე ჩვენ გვჭირდება სხვა ხასიათის გარანტიები და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ევგენი პერებიინისის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს უსაფრთხოების გარანტიების სხვადასხვა მოდელზე მსჯელობა, მათ შორის ისრაელის მოდელზე, რომელიც უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას გულისხმობს და იმ მოდელზე, რომელიც გამოყენებული იყო ფინეთსა და შვედეთთან მიმართებით.
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან იმაზე, რომ ვილნიუსის სამიტზე იყოს კონკრეტული პასუხი, მიღებულ იქნას კონკრეტული ალგორითმი იმასთან დაკავშირებით, როგორ, რა პირობებით და როდის გახდება უკრაინა ნატო-ს წევრი. ამიტომ ახლა ჯერ ნაადრევია საუბარი, როგორ იქნება ეს ზუსტად ფორმულირებული, თუმცა, ეს უნდა იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი 15 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან შედარებით“, – განაცხადა უკრაინის საგარეოს საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი გუნდი NATO-ს სხვა წევრებთან ერთად განიხილავენ თუ როგორ და როდის შეიძლება უკრაინა ალიანსს შეუერთდეს.
CNN-ის ცნობით, ბაიდენი და მისი ადმინისტრაციის წევრები ერთგულები არიან ალიანსის ამჟამინდელი პოზიციის მიმართ, რომ უკრაინა საბოლოოდ შეუერთდეს NATO-ს.
CNN -ის ინფორმაციით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი ერთ-ერთია იმ რამდენიმე საკითხიდან, რომელსაც ლიდერები ივლისის შუა რიცხვებში ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ. ასევე განიხილება ახალი თავდაცვის ხარჯები.
“თუმცა, სწორედ უკრაინის წევრობის საკითხი გახდება ერთ-ერთი ცხელი წერტილი ჯგუფისთვის, რომელმაც მოახერხა გასაკვირი ერთიანობის შენარჩუნება რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებული შემჭრის ფონზე.”- წერს CNN-ი.
CNN-ი წერს, რომ ზოგიერთი მოკავშირე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, მხარს უჭერს კიევის NATO-ში გაწევრიანების უფრო კონკრეტული გზის დასახვას ომის დასრულების შემდეგ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი დანილოვი “ამერიკის ხმასთან” ამბობს, რომ მისი ქვეყანა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის როლს თამაშობს და იცავს “დემოკრატიულ, ცივილიზებულ ევროპას ბარბაროსული რუსეთისგან”. დანილოვის თქმით, უკრაინა ელოდება, რომ ვილნიუსში, მომდევნო სამიტზე ნატო ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებს დააზუსტებს.
რეზნიკოვის თქმით, უკრაინისთვის ევროპის დაცვა “არ არის მხოლოდ აბსტრაქტული კონცეფცია”. მინისტრი ამბობს, რომ ახლა მთელი ქვეყანა ელოდება სიცხადეს, როდის და როგორ გახდებიან ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.
“უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები ახლა ცდილობენ მიაღწიონ მაქსიმალურ თავსებადობას ნატოს ქვეყნებთან ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებისთვის ნატოს სტანდარტების დანერგვით. ჩვენი მიზანია შევასრულოთ ყველაფერი, რაც შედის უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების კომპეტენციაში. ავაშენოთ ყველა პრაქტიკული რამ ისე, რომ ვილნიუსს ჰქონდეს მაქსიმალური სივრცე სახელმწიფოს მეთაურების დონეზე საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად”, – თქვა რეზნიკოვმა.
რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინამ უკვე მიაღწია შთამბეჭდავ შედეგებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ალიანსის წევრ ქვეყნებთან მუშაობის წყალობით.
“ჩვენ შევთანხმდით, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ასევე, შევთანხმდით, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი,” – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინა დღეს პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უკრაინამ თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შეინარჩუნოს, რადგან თუ უკრაინა ამას ვერ შეძლებს, წევრობის საკითხი არც განიხილება.