მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

EU-პარლამენტის რეზოლუციის პროექტით, ივანიშვილის, კობახიძის, კალაძის დასანქცირებას ითხოვენ

ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მისაღებად ემზადება. ამ დროისთვის ევროპის საკანონმდებლო ორგანოში რეზოლუციის რამდენიმე წინასწარი ტექსტია დარეგისტრირებული. მათ შორის საუბარია საქართველოში ტექნიკური მისიის გამოგზავნაზე, ასევე საუბარია ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე. აღსანიშნავია, რომ სანქციების მოთხოვნებში ოლიგარქის გვერდით გაჩნდა ქართული ოცნების სხვა ლიდერების სახელები და გვარები – კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე. რეზოლუციის განხილვა ევროპარლამენტში 25-28 ნოემბრის კვირაში მოხდება.

დოკუმენტის პროექტის თანახმად, ვინაიდან საქართველოს საარჩევნო პროცესების მთლიანობა და პოლიტიკური თავისუფლებების დაცვა გადამწყვეტია ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში მისი პოტენციური წევრობისთვის; ვინაიდან ეს არჩევნები არ აკმაყოფილებდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტანდარტებს, ევროპარლამენტი:

გმობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევას, რაც საქართველოში ბოლო არჩევნების დროს დაფიქსირდა; მოუწოდებს ყველა გაცხადებული დარღვევის დეტალური, სწრაფი და გამჭვირვალე დამოუკიდებელი გამოძიებისკენ
მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკური ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მონაწილეობა მიიღონ ინკლუზიურ დიალოგში პოლიტიკური კრიზისი დაძლევის მიზნით და საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ახალ არჩევნებს გაუწიონ ორგანიზება;
მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოავლინონ ერთგულება ევროპული ღირებულებების მიმართ, საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობის დაწყებით; ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო კეთილსინდისიერების დარღვევა შეუთავსებელია სტანდარტებთან, რომლის მოლოდინიც არსებობს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ;
სოლიდარულია მამაცი ქართველი ხალხის მიმართა, რომელიც იბრძვის თავისი დემოკრატიული უფლებებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ; კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ურყევ მხარდაჭერას ყველას მიმართ, ვინც იცავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და მუშაობს თანასწორობასა და ადამიანის ღირსებაზე დაფუძნებული მშვიდობიანი საზოგადოებისთვის;
დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართ მისი ვალდებულება, მოუწოდებს მათ მიიღონ და განახორციელონ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრების მიზანთან შესაბამისი რეფორმები, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მოითხოვს; აფასებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას, რომ ქვეყანა დააბრუნოს დემოკრატიისა და ევროპული განვითარების გზაზე;
იმეორებს თავის მოწოდებას გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ, შეწყვიტონ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიებზე და ლგბტ-საზოგადოებაზე, ასევე უზრუნველყონ ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისთვის; მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ამ რთულ პერიოდში სრულად დაუჭირონ მხარი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას;
კვლავ იმეორებს, რომ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების” უმრავლესობის მიერ ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონების მიღებას; კვლავ მოუწოდებს აღნიშნული საკანონმდებლო აქტების დაუყოვნებლივ გაწვევისკენ;
მოუწოდებს ევროკავშირის ფინანსური დახმარების გაყინვისკენ, რომელიც განკუთვნილი იყო საქართველოს მთავრობისთვის მანამ, სანამ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა, სათანადოდ არ იქნება აღმოიფხვრება და არ გაუქმდება ახლახან მიღებული არალიბერალური კანონმდებლობა, ამასთან, ნებისმიერი სამომავლო დაფინანსების განაწილების შესახებ მკაცრი პირობები უნდა დაწესდეს; იმეორებს მოწოდებას კომისიის მიმართ, რომ შეაფასოს საქართველოს „უცხოური აგენტებისა” და „ოჯახური ღირებულებების” კანონების გავლენა ქვეყნის მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმთან მიმართებაში, რომელიც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის არსებითი კომპონენტია;
მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველი პოლიტიკური ლიდერებისა და თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლასა და საარჩევნო პროცესის დარღვევაზე; ამასთან დაკავშირებით, საბჭოს მოუწოდებს, განიხილოს პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძისა და თბილისის მერის, „ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიმართ, საქართველოს დემოკრატიის მკვეთრ გაუარესებაში მათი როლის გამო;
გმობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში, რაც ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკის ძირის გამოთხრის კიდევ ერთი მცდელობაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button